12:16:07     28-11-2017
ვახტანგ გომელაური ოპოზიციის მოთხოვნას დაეთანხმა და პარლამენტში მივა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ოპოზიციის მოთხოვნას თანხმდება. ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივა და ოპოზიციის კითხვებს პასუხს ნდობის ჯგუფის ფორმატში გასცემს.
„კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ რომ ამ შეკითხვებზე თუ როგორ აღმოჩნდნენ ტერორისტები საქართველოს ტერიტორიაზე, როგორ გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი, როგორ მოხდა იარაღის ამ ოდენობით კონცენტრაცია თბილისის ცენტრში, როგორ განხორციელდა სპეცოპერაცია და რა ვითარება არის დღეს გამოძიების თვალსაზრისით - ჩვენ მიგვაჩნია რომ პასუხები უნდა ყოფილიყო საჯარო,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
როდის მივა ვახტანგ გომელაური პარლამენტში, ჯერჯერობით უცნობია. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ფორმატი და თარიღი უახლოეს პერიოდში შეთანხმდება.
„ვისაუბრეთ ბოლო პერიოდში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. მე მინდა დაგიდასტუროთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ პარლამენტის წინაშე, ნდობის ჯგუფის წინაშე წარდგეს და პირველადი ინფორმაცია გააცნოს ჩატარებული ოპერაციის შესახებ და მოვლენის შესახებ. რაც შეეხება თარიღს, როდის და რა ფორმით ამაზე უკვე მოგვიანებით შეგატყობინებთ, მას შემდეგ რაც თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ექნება დადასტურებული ინფორმაციას,“ -აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
0