18:03:24     27-11-2017
ვინ არის ის ორი ტერორისტი, რომელიც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან გაიქცა?

ქართული სპეცსამსახურებისა და ზოგადად, ხელისუფლების შეცდომა-გადაცდომა-დანაშაულმა, შესაძლოა, ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დააყენოს.
საქმე ეხება გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის სკანდალურ დეტალებსა და ISIS-ის მებრძოლის, სტამბულის აეროპორტის ტერაქტის ერთერთი ორგანიზატორის, ახმედ ჩატაევის შესაძლო ლიკვიდაციას.
[I=2]თითქმის უკვე დადასტურებულია რომ სამი ლიკვიდირებულიდან ერთერთი სწორედ ახმედ ჩატაევია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ლობირებით ჯერ 5 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს (ის იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების შეძენა-ტარებისათვის იყო დაკავებული ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით), მოგვიანებით კი, პროკურატურამ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებაც შეწყვიტა, რის შემდეგაც მან საქართველო დატოვა.
არაოფიციალური ინფორმაციით, საშიში ტერორისტი საქართველოში ქართული სპეცსამსახურების გარანტიით შემოვიდა. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, საერთაშორისო სკანდალი თითქმის გარდაუვალია. გამოვა რომ ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახური ან მისი ნაწილი ტერორისტებს გარანტიებს აძლევს...
რა ხდება სუსში?
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური ვარაუდობს რომ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ერთერთი ტერორისტი ჩატაევია, თუმცა, ჯერჯერობით, ეს ფაქტი დნმ-ის ანალიზითა და ექსპერტიზით დადგენილი არ არის.
გომელაური არ ამბობს როგორ, როდის, რა მიზნითა და ვისი მფარველობით შემოაღწია ტერორისტულმა ჯგუფმა საქართველოში.
თუმცა, საზოგადოების დიდ ნაწილს, ოპოზიციასა და აკრედიტირებულ დიპლომატებს უკვე აქვთ შეკითხვები, რომლებზეც პასუხები საეჭვოდ აგვიანებს...
მაგალითად: მონაწილეობდა თუ არა, ჩატაევისა და მისი ჯგუფის გადაადგილებაში რუსული სპეცსამსახური?
თუ ტერორისტებს სუსი რამდენიმე კვირის განმავლობაში უთვალთვალებდა, რატომ ვერ დაადგინეს მათი კავშირები, მიზნები და რატომ ვერ მოხდა მათი განეიტრალება მსხვერპლის, ნგრევისა და 22 საათიანი სპეცოპერაციის გარეშე?
რამდენი ტერორისტი იმყოფებოდა ბინაში, რომელზეც ქართულმა სპეცსამსახურებმა იერიში მიიტანეს?
ვინ არის ის ორი ეჭვმიტანილი, რომლებიც ჩატაევთან ერთად ებრძოდნენ ჩვენს სპეცრაზმელებს და მიუხედავად ასეთი მასშტაბურობისა, მაინც მოახერხეს ბინიდან გაქცევა?
რა საფრთხე ემუქრება ქვეყანას, სადაც შეიძლება ითქვას რომ ჩატაევის ჯგუფის ორი გაქცეული წევრი იმალება?
[I=3]რატომ არ შესთავაზა ქართულმა მხარემ დახმარება მის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს იქამდე, ვიდრე მსგავსი ინიციატივა თავად ამერიკის საელჩოდან არ წამოვიდა?
კითხვათა ეს მცირე ჩამონათვალიც კი უკვე მკვეთრად მიუთითებს იმაზე რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას.
მაშინ, როდესაც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან გაქცეული ორი ტერორისტი შესაძლოა, სადღაც აქვე იყოს, ხელისუფლება თავის ხალხს სიმართლეს უმალავს.
0