11:00:36     24-11-2017
Al Jazeera საქართველოში ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას ეხმაურება
საქართველოში ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციის შესახებ Al Jazeera კიდევ ერთხელ იუწყება.
ტელეკომპანიის ცნობით, იმის გამო, რომ საქართველოს ოფიციალური პირები მოკლული და დაკავებული ტერორისტების იდენტიფიცირებას არ ახდენენ, ამ თემით სპეკულირება უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ეროვნებას ან მოქალაქეობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დადასტურებული ინფორმაციის სიმწირემ ინციდენტის გარშემო სპეკულაცია შექმნა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ბინა, სადაც დამნაშავეები ცხოვრობდნენ, ეთნიკურ ჩეჩენს ეკუთვნოდა, ამან კი წარმოშვა ეჭვები, რომ დამნაშავეები ჩეჩნეთთან არიან დაკავშირებულები“, - წერს „ალ-ჯაზირა“.
ტელეკომპანია ასევე დაუკავშირდა პანკისის ხეობის მცხოვრებ ჟურნალისტს სულხან ბორძიკაშვილსაც, რომელმაც განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ არაფერია ცნობილი.
„ჩვენ არაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ რა მოხდა. უცნობია, ვინ იყვნენ დამნაშავეები, მაგრამ ინციდენტი ძალიან უხეშად დაუკავშირეს პანკისის ხეობას.
ახლა გამოძიებამ სრულიად საპირისპიროც რომ დაადგინოს, პანკისის ხეობის შესახებ საზოგადოებრივი აზრი მაინც უარყოფითი დარჩება. სოციალურ ქსელებში ხალხმა ეთნიკურ ჩეჩნებზე თავდასხმა დაიწყო“, - განაცხადა სულხან ბორძიკაშვილმა.
0