13:54:18     21-11-2017
"ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ის არის დემოკრატიული ქვეყნის ცივილური მმართველი"

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდებას მხარი დაუჭირა.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი თანამშრომლობის და უსაფრთხოების სამმართველო იუწყება.
უწყების საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოთქვა სურვილი შეეძინა ამ კომპლექსების 410 რაკეტა, სამიზნე და გამშვები მოწყობილობის 72 ბლოკი, 10 სასწავლო კომპლექსი და მათთვის 70 ჭურვი.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების ხარჯზე იარაღის ეს მიწოდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას გააძლიერებს. შეიარაღების გაყიდვა რეგიონში არსებულ ძალების სამხედრო ბალანსს არ შეცვლის.
ამასთან, აშშ-ის კონგრესს ხელშეკრულების დაბლოკვის უფლება აქვს.
აღნიშნულ ფაქტს გამოხმაურება მოჰყვა პარლამენტში, სადაც უმრავლესობა და უმცირესობა დადებითად აფასებს, თუმცა ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სამწუხაროდ, ქვეყანას თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების სტატეგია არ გააჩნია.
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, ჩვენი პარტნიორის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.
“სამწუხაროა ის, რომ ჩვენ ჩვენი ხელისუფლების, კერძოდ კი, თავდაცვის უწყების მხრიდან დღემდე ვერ მოვისმინეთ, თუ რას აკეთებს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისათვის. ეს არის გრძელი პროცედურა და მხოლოდ ჩვენი პარტნიორების დახმარება საკმარისი არ არის. აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს სტრატეგია და სამწუხაროდ, ეს სტრატეგია სახელმწიფოს არა აქვს. ჩვენ ამაზე კითხვა არაერთხელ დავსვით და პასუხი ვერ მივიღეთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საწინააღმდეგოდ ფიქრობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, სწორედ საქართველოს ხელისუფლების წარმატებაა:
-ოპოზიციაში აკრიტიკებენ ხელისუფლებას იმის გამო, რომ ქვეყანას თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების სტატეგია არ გააჩნია. თქვენ როგორ ფიქრობთ?
-ვინც ობიექტურად შეაფასებს მოცემულობას, უნდა აღიაროს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო არენაზე ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ამას მოწმობს ნატო-სთან, ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა, ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, აშშ-სთან გამორჩეული თანამშრომლობა. ის, რაც დღეს ყველამ გავიგონეთ, არის აღიარება ორ ქვეყნას შორის პარტნიორობის, მოკავშირეობის. ამ სიტყვას ვიყენებ მას შემდეგ, რაც აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა რამდენჯერმე ახსენა საქართველოში ვიზიტის დროს. ეს არის მართლაც ახალი სიტყვა საქართველოს თავდაცვის სფეროში. Javelin არის თანამედროვე, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტანკსაწინააღმდეგო საშუალება, რაც ჩვენ ჯარს ძალიან სჭირდება და რაც მთავარია, ეს არის ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის ერთერთი მთავარი კომპონენტი. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები არის ხერხემალი ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და, პირველ რიგში მივესალმო აშშ-სა და საქართველო შორის მჭიდრო თანამშრომლობას.
-რას გულისხმობს თავდაცვის სფეროში რეფორმების გაგრძელება და რამდენად არის ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების ამჟამინდელი დასტური საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებზე?
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას წვლილი მინდა დავაფასო. მას მართლაც წარმატებული ვიზიტი ჰქონდა აშშ-ში და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც გაგრძელდება ძალიან დიდი რეფორმები თავდაცვის სფეროში. ამასთანავე, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო მშვიდობიანი და უფრო სტაბილური იყოს, რაც საერთო ჯამში, უნდა აისახოს ჩვენი ქვეყნის საერთო განვითარებაზე. „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ის არის დემოკრატიული ქვეყნის ცივილური მმართველი, მან თავისი მმართველობის ბოლო პერიოდში აჩვენა, რომ არის სანდო საერთაშორისო პარტნიორი.
-უახლეს მომავალში, რა კონკრეტული შედეგი შეიძლება მოიტანოს პარტნიორი ქვეყნის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ?
-კიდევ ერთხელ დავუბრუნდები იმ სიტყვებს, რაც საქართველოში ვიზიტის დროს ვიცე - პრეზიდენტმა გააჟღერა: მან საქართველოს „მოკავშირე“ უწოდა, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პარტნიორობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, არამედ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის აღიარებას, როგორც თანასწორს, სანდოს, რაც საერთო ჯამში, აისახება მათ შორის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში. როდესაც აშშ გაღიარებს ძალიან ცივილურ მოთამაშედ და გენდობა, ეს ბევრ სფეროზე არაპირდაპირ ზეგავლენას მოახდენს.
0