11:01:19     21-11-2017
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას 21 ოქტომბრის არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების რა ნაწილი დაფარა საკონსტიტუციო რეფორმამ."
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"საუბარი ძირითადად შეეხებოდა საკონსტიტუციო რეფორმას, ვენეციის კომისიის დასკვნას. შენიშვნები არ ჰქონიათ, ჰქონდათ გარკვეული კითხვები, თუ ზუსტად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების რა ნაწილი დაფარა საკონსტიტუციო რეფორმამ და ასევე იმ ცვლილებებმა, რომელიც ახლა არის ინიცირებული და დეკემბერში ეყრება კენჭი. ზოგადად, ვენეციის კომისია ევროსაბჭოს ორგანოა და მათთვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი, განსაკუთრებით ევროსაბჭოს თანამშრომლებისთვის ის რეკომენდაციები, რომელიც ვენეციის კომისიამ მოგვცა და რომელიც გავითვალისწინეთ", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები თბილისში, გუშინ გვიან საღამოს ჩამოვიდნენ.
0