ნაირა გელაშვილის პროტესტი ომბუდსმენს: ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭეს ბოროტმოქმედებს ნაირა გელაშვილის პროტესტი ომბუდსმენს: ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭეს ბოროტმოქმედებს />


  16:25:31     20-11-2017

ნაირა გელაშვილის პროტესტი ომბუდსმენს: ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭეს ბოროტმოქმედებს

a73550.jpg

„კავკასიური სახლის" გამგეობის თავმჯდომარე მწერალმა ნაირა გელაშვილმა სახალხო დამცველს ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის მიღებული ჯილდო დაუბრუნა.

ნაირა გელაშვილის განცხადებით,  გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გიგა ბოკერიას და ნიკა გვარამიას გადაეცა.

„ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭეს ბოროტმოქმედებს, კრიმინალურ სუბიექტებს და სისხლის სამართლის დამნაშავეებს, რომლებიც, წესით, ციხეში უნდა ისხდნენ და იმიტომ არიან გარეთ, რომ ქვეყანას არ აღმოაჩნდა ძალა, აღესრულებინა მართლმსაჯულება.

ჩვენთვის, „კავკასიური სახლისთვის" ეს ჯილდო რაღაცას ნიშნავდა. „კავკასიურმა სახლმა" მიიღო არაერთი ასეთი ჯილდო სწორედ იმისათვის, რომ დასაცავებს იცავდა - ეთნიკურ, რელიგიურ უმცირესობებს, დეპორტირებული ხალხის უფლებებს. ამიტომ ეს ჯილდო სრულიად დამსახურებისამებრ მოგვანიჭეს და ის ჩვენთვის ძვირფასი იყო. მაგრამ ახლა ის გიგა ბოკერიას, გვარამიას, „რუსთავის 2-ს“ გადაეცა, ხალხს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ხალხის დარბევაში, გაუბედურებასა და წამებაში. ამ ჯილდომ უკვე თავისი თავი თვითონ გადახაზა და გააბათილა. ასევე, სახალხო დამცველის აპარატმა, ქომაგობისა და ტოლერანტობის ცნებები მთლიანად გადაშალეს და იყვნენ ახლა თავიანთ გამოშიგნულ მისიასთან ერთად", - განაცხადა ნაირა გელაშვილმა. 

მწერალმა ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო, რომელიც რამდენიმე წლის წინ „კავკასიურ სახლს" ერგო, დღეს სახალხო დამცველის ოფისში დატოვა.   

ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ გიგა ბოკერიასთვის „ტოლერანტობის ქომაგის" პრიზის გადაცემასთან კავშირი არ აქვს და ეს გადაწყვეტილება რელიგიური საბჭოს წევრთა უმეტესობის მიღებულია. 

„ეს საბჭოს გადაწყვეტილებაა. სხვა დროსაც ყოფილა, რომ არ გამიზიარებია. მათი გადაწყვეტილებაა და ჩარევის უფლება არ მაქვს. ჩემი პირადი აზრი არა მგონია, ვინმესთვის საინტერესო იყოს. მე ვცადე შერჩევის პროცესი დამეხვეწა, რომ გამორიცხულიყო არაობიექტურობა და წინა წლებში ნაწილობრივ გამომივიდა. ჩემი აზრით, კრიტერიუმები უნდა იყოს მკაფიო, პროცესი გამჭვირვალე და ამ პროცესში არ უნდა იყოს კითხვის ნიშნები.

მითუმეტეს, ერთ-ერთ კრიტერიუმი ისიც იყო, რომ კანდიდატის განსაკუთრებული დამსახურება მიმდინარე წელს უნდა ყოფილიყო და აქ ყველას თავისი აზრი შეიძლება ჰქონდეს. მე დავუსვი ეგ კითხვა ბექას [მინდიაშვილს] და, როგორც ვიცი, ძველ საქმეებზეა საუბარი. მიმდინარე წელს ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში რომ რაიმე განსაკუთრებული შეეტანოს, მე პირადად, ვერ დავინახე", - ამბობს უჩა ნანუაშვილი. 

სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ 2017 წლის „ტოლერანტობის ქომაგები“ დააჯილდოვა. წლევანდელი ტოლერანტობის ქომაგი საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბოკერიაც გახდა. 0

ავტორი: