16:09:30     20-11-2017
"ნაციონალური მოძრაობა" უკრაინიდან ქართველების დეპორტაციის საკითხზე მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს

"ნაციონალური მოძრაობა" უკრაინიდან ქართველების დეპორტაციის საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს.
საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საგარეო უწყებამ დეტალურად უნდა განმარტოს, რა მოხდა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციასთან დაკავშირებით.
"ჩვენ არ გვჯერა იმ განცხადებების, თითქოსდა ქართული მხარე არ მონაწილეობდა ამ პროცესში, ვინაიდან შეუძლებელია საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვიდეს გემი, სადაც 25 შეიარაღებული უკრაინელი ბადრაგი აცილებს დეპორტირებულებს და წინასწარ ამის შესახებ არ იყოს გაფრთხილებული საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს იყო ერთობლივი ოპერაცია, რომელიც ეწინააღმდეგება ორივე ქვეყნის კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლის ნორმებს. შეუძლებელია, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტის პირველ გვერდზე არსებული წარწერა, რომ ამ პასპორტის მესაკუთრეს იცავს საქართველოს სახელმწიფო, უკვე ვინმესთვის იყოს დამაჯერებელი",- განაცხადა რომან გოცირიძემ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ქართული მხარის გულგრილობა უკრაინიდან დეპორტირებული მოქალაქეების მიმართ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციით გააპროტესტა.
აქციის დასრულების შემდეგ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საგარეო უწყებაში მინისტრ მიხეილ ჯანელიძის სახელზე მიმართვა შეიტანა.
0