17:10:51     16-11-2017
”საზოგადოებრივ მაუწყებელს სახელმწიფოსგან ეძლევა თანხები, რომელიც თანდათან ხდება უკონტროლო"

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტში კორუფციის საფრთხეს ხედავენ როგორც საპარლამენტო უმცირესობის, ისე - უმრავლესობის წევრები.
საქმე ეხება პროექტის იმ ნაწილს, რომლის მიხედვით, ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი არ გავრცელდება დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამაზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის არანაკლებ 25% დაეთმობა.
”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონით დადგენილი შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილებებით კორუფციის რისკი იზრდება და ეს თავის მხრივ ბმაშია პროექტით დაგეგმილ იმ ინიციატივასთან, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელთან დაკავშირებული სიახლე შეიძლება არ გასაჯაროვდეს.
მანვე რეკლამასთან დაკავშირებულ ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ პროექტით შეთავაზებული ინიციატივა მედია-გარემოს უქმნის საფრთხეს, რადგან ”საზოგადოებრივ მაუწყებელს სახელმწიფოსგან ეძლევა თანხები, რომელიც თანდათან ხდება უკონტროლო და პარალელურად, მას ეძლევა რეკლამის განთავსების საშუალება”.
”მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს.
0