13:43:40     13-11-2017
სად გააგრძელებენ საქმიანობას ყოფილი მინისტრები?

მთავრობაში განხორციელებული საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, ჯერჯერობით გაურკვეველია, სად გააგრძელებენ საქმიანობას განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს უფროსი, მინდია ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ვიქტორ დოლიძე.
ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც ითავსებდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს 2016 წლის 3 ივნისიდან იკავებდა. 2010-2016 წლებში იყო მართვის აკადემიის თავმჯდომარე და მთავარი ტრენერი. ამავდროულად ლექციებს კითხულობდა საქართველოს ბანკის უნივერსიტეტსა და კავკასიის ბიზნესის სკოლაში. იყო ლექტორი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.
მუშაობდა ბიზნესის განვითარების მიმართულებით ფონდ ღია საზოგადოება საქართველოში, სხვადასხვა პოზიციებზე საქართველოს ეროვნულ ბანკში, თიბისი ბანკსა და ინტელექტ ბანკში.
აქვს გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების სტრატეგიული განვითარების მიმართულებით. იყო სპიკერი - TEDx თბილისი; 2009-2011 წლებში იყო სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში. იყო საინფორმაციო ტექნოლოგიების სტრატეგიული განვითარების კონსულტანტი საქართველოს ლატარიის კომპანიაში.
ყოფილი "რესპუბლიკელი" გიგლა აგულაშვილი: საგარეჯოს რაიონული პროკურატურის გამომძიებელი (1990 - 1994) საგამოძიებო აპარატის გამომძიებელი (1994 - 1997); საგამოძიებო აპარატის უფროსის მოადგილე (1997 - 1999); კახეთის პროკურორი (1999 - 2001); დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურორი (2001 - 2002); აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი (2002 - 2003); სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი (2003 - 2004); ცეცხლსასროლი იარაღის, ფონდებისა და პარტიების რეგისტრაციის დეპარტამენტის თავმჯდომარე (2003 - 2004); "რესპუბლიკური" პარტიის აღმასრულებელი მდივანი (2005 - 2012); საქართველოს პარლამენტის წევრი (2012 წლის 1 ოქტომბრიდან - 2015 წლის 1 მაისამდე); საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 1 მაისის №167 ბრძანების თანახმად და საქართველოს კონსტიტუციის 79-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დაინიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად.
დავით სუჯაშვილი: საქართველოს დაზვერვის სამსახურს დავით სუჯაშვილი 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. სუჯაშვილმა თანამდებობაზე გელა ბეჟუაშვილი შეცვალა. მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.
დავით სუჯაშვილი 1999–2012 წლებში მუშაობდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში. 2012 წელს, დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად.
მინდია ჯანელიძე: საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2014 წლის 4 ნოემბრიდან 2015 წლის პირველ მაისამდე. 2000-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურში, ოპერატიული სამსახურის ოფიცრად; 2004-2007 წლებში — საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურში, ოპერატიული სამსახურის განყოფილების უფროსად, 2007-2008 წლებში საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურში, ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, 2008-2012 წლებში საქართველოს დაზვერვის სამსახურში, ინფორმაციული დირექტორატის სამმართველოს უფროსად. 2012 წლიდან 2014 წლის დასაწყისამდე ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობისას ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
2013 წლის იანვრიდან ასევე მუშაობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, იყო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თანამდებობაზე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, მინიჭებული აქვს მედალი "მაღალი პროფესიონალიზმისთვის“.
ვიქტორ დოლიძემ "თავისუფალი დემოკრატები" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა და მალევე დაინიშნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად.
მისი ბიოგრაფია ასე გამოიყურება: 2005 წლის 15 ივლისი-2009 წლის თებერვალი - ეუთოსა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; 2004 წლის 1 ივლისი -2005 წლის 15 ივლისი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, საერთაშორისო უშიშროების დეპარტამენტის დირექტორი; 2001 წლის ივნისი-2004 წლის 30 ივნისი - საქართველოს წარმომადგენლობა NATO-ში.
2000 წლის აგვისტო-2001 წლის ივნისი - ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოში საქართველოს საელჩო; ევროგაერთიანებებსა და NATO-სთან საქართველოს წარმომადგენლობა, მრჩეველი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.
შემოთავაზებული სამთავრობო ცვლილებების მიხედვით:
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი.
გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
გარდა ამისა, პარლამენტს წარედგინება ცვლილება,რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი,
საქართველოს მთავრობას, საკადრო და სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო, პარლამენტის მხრიდან ნდობის ხელახლა გამოცხადება სჭირდება.
0