17:44:20     10-11-2017
"ოთარ აბესაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შესაძლოა, გაათავისუფლონ"

„გამორიცხული არ არის, აბესაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ. რადგან მისი ჯანმრთელობა ასეთ მდგომარეობაშია, ვფიქრობ, ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და ის აუცილებლად გაათავისუფლონ“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ ოთარ აბესაძის ადვოკატმა, ნონა ფილაურმა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, აბესაძეს ფსიქო-ნევროზული დაავადება აქვს, რის პროვოცირებასაც ციხის დახურული სივრცე ახდენს.
„ოთარ აბესაძემ დღევანდელ პროცესზე ერთი მიზეზის გამო შეძლო დასწრება, მას ძალიან უნდოდა მოწმეების დაკითხვას დასწრებოდა. პროცესზე შემოყვანამდე მას გულის წნევა 150 ჰქონდა, მაგრამ ამ ყველაფერს გაუძლო. თქვა, რომ ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, თუმცა, დასწრება მაინც შეძლო. მას ფსიქო-ნევროზული დაავადება აქვს, ის ძალიან ცუდადაა.
ადვოკატები ვფიქრობთ, რომ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის აქამდეც უნდა გაეთავისუფლებინათ. აბესაძის გარეთ ყოფნის შემთხვევაშიც შეუძლია სასამართლო სოხდომებზეც იაროს და მაშინაც აქვს პროკურატურას შანსი იგივე მიდგომებით გაამტკიცოს მისი ბრალეულობა“, - განმარტავს ფილაური.
რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მოწმეებმა აბესაძის ბრალეულობის დადასტურება ვერ შეძლეს.
„დაცვის მხარე დღევანდელი პროცესით კმაყოფილია. ჩვენ მივიღეთ დასტური იმისა, რომ არც ჩხრეკაში და არც დაკავებაში მონაწილე მოწმეებს არ დაუდასტურებია, რომ ოთარ აბესაძემ ფული აიღო. უფრო მეტიც, ორივე მოწმემ თქვა, რომ მათ არ დაუნახავთ, აბესაძემ ფული აიღო თუ არა. აბესაძეს ფული არ აუღია. კონკრეტულ თანხასთან მიმართებაში, რატომღაც მოწმეებს მახსოვრობაც ღალატობს“, - აცხადებს ფილაური.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. როგორც ადვოკატი აცხადებს, დღევანდელი სასამართლო პროცესი მათ სასარგებლოდ წარიმართა.
„დღევანდელ პროცესზე ორი მოწმე დაიკითხა. ერთი მათგანი უშუალოდ მონაწილეობდა აბესაძის დაკავებაში, ის მანქანის და პირად ჩხრეკას აწარმოებდა. მეორე კი, გამომძიებელი იყო, რომელმაც თანხა დაათვალიერა. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მოწმეები ერთმანეთის ჩვენებებს აცდნენ. ერთი და იგივე ფაქტები სხვადასხვანაირად აღწერეს. პროკურორი აცხადებდა, რომ მოწმეებმა ძალიან კარგად დაადასტურეს ყველაფერი, თუმცა, ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. აბესასძე მოწმეების მხრიდან ფიზიკურადაც კი სხვადასხვანაირად შეფასდა. ეს უკვე ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, - აცხადებს ფილაური.
შემდეგი სასამართლო 15 ნოემბერს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, ოთარ აბესაძე მიმდინარე წლის 12 ივლისს, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
0