14:24:15     08-11-2017
დედამიწაზე სიცოცხლის მთავარი საფრთხე გარემოს დაბინძურებაა
სამეცნიერო ჟურნალ “ლანცეტში” გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ დედამიწაზე სიცოცხლის მთავარი საფრთხე გარემოს დაბინძურებაა. ის ყოველწლიურად 9 მილიონამდე ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს - სამჯერ მეტს, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი და მალარია ერთად აღებული და 15-ჯერ მეტს, ვიდრე ყველა ომის, თუ ძალადობის ხვა ფორმების ერთობლიობა. ეს მონაცემი დედამიწაზე ადამიანთა ნაადრევი სიკვდილიანობის საშუალოდ 16 პროცენტს შეადგენს.
გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებები არაპროპორციულად არის განაწილებული მდიდარ და ღარიბ მოსახლეობაში. დაღუპულთა 92 პროცენტი, ანუ ყოველი ათიდან ცხრა, დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებზე მოდის, სადაც გარემო ხშირად ყველაზე უფროა დაბინძურებული. განსაკუთრებით მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბავშვებში, უმცირესობებში და მარგინალიზებულ ჯგუფებში.
დაბინძურების სამ მთავარ წყაროდ მიიჩნევა:
• ინდუსტრიული გამონაბოლქვი• მანქანის გამონაბოლქვი• ტოქსიკური ნივთიერებები
"ლანცეტში" გამოქვეყნებული კვლევის შესავალ ნაწილში ნათქვამია, რომ გარემოს დაბინძურებას მთელი თავისი მძიმე შედეგებით, ჯანდაცვის სისტემები და საერთაშორისო განვითარების პროგრამები აქამდე სათანადოდ ვერ აფასებდნენ.
გლობალური დაბინძურება საფრთხეს უქმნის მთლიანად დედამიწის სიჯანსაღეს, ანგრევს მის ეკოსისტემას და ხელს უწყობს კლიმატურ ცვლილებებს. ინდუსტრიულ და საავტომობილო გამონაბოლქვთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამბინძურებლად ქვანახშირის მოპოვება ითვლება.
დაბინძურებულია არამარტო ჰაერი, არამედ ქიმიკატებით გაჯერებულია წყალი და ნიადაგი. ეს უკანასკნელი პრობლემა დღითი-დღე, წლიდან წლამდე იზრდება. 1950 წლის შემდეგ დედამიწაზე 140 ათასზე მეტი ახალი, სინთეტური ქიმიკატი და პესტიციდი შეიქმნა. აქედან სულ ცოტა, 5 ათასი გარემოში უკვე ფართოდაა გავრცელებული და შესაბამისად, ადამიანთან მჭიდრო და ხანგრძლივი შეხება აქვს.
გარემოს გლობალური დაბინძურება “საფრთხეს უქმნის დედამიწის საარსებო სისტემების სტაბილურობას” და რისკის ქვეშ აყენებს ზოგადად სიცოცხლის, “კაცობრიობის გადარჩენას” - ნათქვამია ნაშრომის დასკვნაში. სამეცნიერო ჟურნალ "ლანცეტში" გამოქვეყნებულ კვლევაზე მუშაობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების და სამთავრობო ორგანიზაციების 40-ზე მეტი მეცნიერი. ის დააფინანსა გაერომ, ევროპის კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა.
0