ეკა ბესელია: ოპოზიციას პოლიტიკურ დემაგოგიაში ვერ ავყვებით ეკა ბესელია: ოპოზიციას პოლიტიკურ დემაგოგიაში ვერ ავყვებით />


  18:51:33     06-11-2017

ეკა ბესელია: ოპოზიციას პოლიტიკურ დემაგოგიაში ვერ ავყვებით

a73218.jpg

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც პარტიის წევრები შს მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას და საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების, "გაზპრომის" ხელშეკრულების საქმეებია, რომელსაც ბოლო დროს ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარი ინციდენტი დაემატა. საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ბოლო კვირაში,  წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გაყვანის თემაც დაემატა.

უკვე არსებობს, წინასწარი ინფორმაცია, რომ გიორგი მღებრიშვილი დეპუტატების წინაშე ნოემბრის თვეში წარდგება, მაგრამ ოპოზიციის მიერ წამოწეული საქმეების გამო, პარლამენტში საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება.

"პრესა.ჯი" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას ესაუბრა:

- კვლავ გააქტიურდა საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი იმ თემებზე, რომელსაც ოპოზიცია პერმანენტულად ითხოვდა სხვადასხვა დროს. როგორ ფიქრობთ, რატომ დაემატა მოთხოვნათა ნუსხას ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მისი საკნიდან გაყვანის თემა?

-რაც ეხება ვანო მერაბიშვილს, ამ საქმის აქტუალიზება ხდება იმის პარალელურად, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მალე დაასრულებს ერთ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას. მესმის, რომ მისი თანაპარტიელების მხრიდან პოლიტიკური ფონი იქმნება, რათა სასამართლო გადაწყვეტილების წინ ეს ფონი შეაშველონ ამ გადაწყვეტილებას. ეს მათი პოლიტიკური დღის წესრიგია, მაგრამ ჩვენ ვერ ავყვებით პოლიტიკურ დემაგოგიაში. როდესაც სასამართლო, თანაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო იხილავს კონრეტულ საკითხს, რომელიც კავშირში არ არის წინასწარი პატიმრობის თემასთან, ასეთ დროს საჭიროა, პოლიტიკოსებმა თავი შევიკავოთ პოლიტიკური განცხადებებისგან, იმის გამო რომ სასამართლომ ეს რაიმე ფორმით სასამართლოზე ზეწოლად არ აღიქვას. 

-არის კიდევ სხვა საქმეები, რომლის შესახებ ოპოზიცია კონკრეტულ პასუხებს ითხოვს...

-რაც ეხება სხვა საქმეებს, მგონია, რომ ოპოზიციას დღის წესრიგში დარჩა ეს საკითხები, რადგან არცერთ საქმეზე, რომელზედაც მოთხოვნილი ჰქონდათ საგამოძიებო კომისიის შექმნა, არა აქვთ არგუმენტი. ყველა საკითხზე არსებობს პასუხები, რომელთაგან ზოგი არის ან პასუხგაცემული, ან  ეს პასუხები საქმესთან დაკავშირებით არის კონკრეტული საგამოძიებო პროცესის სამართალდამცავ ორგანოებში.

-როგორც უკვე ითქვა, შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში თვის ბოლოს მობრძანდება. რჩება თუ არა ძალაში აღნიშნული შეთანხმება?  

-კი, შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მოსვლა იგეგმება. ჩვენს კომიტეტს აქვს კომუნიკაცია მინისტრთან და სამინისტროსთან, რომ ეს მოსმენა დაიგეგმოს. ეს არის საპარლამენტო ზედამხედველობის ფორმატში დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც გაიმართება ნოემბრის ბოლოს და ექნება კონკრეტული დღის წესრიგი. ეს არის ანგარიში და ინფორმაცია რეფორმების თაობაზე, ასევე ახალი სტრატეგია, რომელიც სამინისტრომ შეიმუშავა და დასრულების პროცესშია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა შედგება.

-თიანეთის მერობის კანდიდატების სასამართლო დავასთან დაკავშირებით ორი სხვადასხვა საქმეზე  სასამართლო გადაწყვეტილება უკვე ცნობილია. საინტერესოა, სარჩელები, რომელიც სასამართლოში ლელა ქიტესაშვილის მხრიდან შედის, „ქართული ოცნების“ პოზიციას ეთანხმება, თუ ის დამოუკიდებლად მოქმედებს თუნდაც ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად, რომელიც სასამართლოს უნდობლობას უცხადებს?

-ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტა სამართლებრივ ჭრილში სრულად მივანდეთ როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სასამართლოს, რომელმაც ამ საკითხზე გადაწყვეტილებები მიიღო. ეს ყველაფერი უნდა იყოს გადაყვანილი სამართლებრივ ჭრილში, რადგან პოლიტიკური ელფერი ისედაც ახლავს ამ პროცესს. ჩვენი მხრიდან ნდობა აქვს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ისე სასამართლოს.

0

ავტორი: