16:51:26     06-11-2017
ზვიად ძიძიგური: მინდა ოპოზიცია დავამშვიდო...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ყველა ოქმის გამოქვეყნების მომდევნო დღიდან, ძალაში შედის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ წევრების დანიშვნა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე ხდება დამოკიდებული.
ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა დონის საარჩევნო კომისიაში წევრი მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებს ეყოლება, რომელთაც პარლამენტის მანდატები მიიღეს და საპარლამენტო ფრაქცია შექმნეს.
დღეს არსებული წესით, საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნა პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსების ოდენობაზე იყო დამოკიდებული, რაც პარტიას ერთ წევრზე მეტის დანიშვნის შესაძლებლობას არ აძლევდა.
ამჟამად, 13-კაციან ცესკოში პარტიული კვოტით შვიდი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელია დანიშნული.
"პრესა.ჯი" პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ზვიად ძიძიგურს ესაუბრა:
-ოპოზიცია ამბობს, რომ მმართველი გუნდი საარჩევნო ადმინისტრაციებში უკვე დოკუმენტურად იფორმებს უმრავლესობას და მომავალში გადაწყვეტილებებიც ხელისუფლების სასარგებლოდ მიიღება. რატომ გახდა საჭირო ახალი დაკომპლექტების წესის შემოღება და რამდენად სამართლიან გარემოს შექმნის ეს ცვლილება საარჩევნო ადმინისტრაციებში?
-ეს ცვლილება მიღებული იქნა რამდენიმე თვის წინ და ახლო მომავალში ამოქმედდება. როგორც მახსოვს, ამ ცვლილებასთან დაკავშირებით დებატები იყო პარლამენტში, მაგრამ რამე განსაკუთრებული, რომ ამ ცვლილებით მმართველი გუნდისთვის ვითარება შეცვლილიყო, ნამდვილად ვერ ვხედავ. ვფიქრობ, პარტიები, რომლებიც არჩევნებში მხარდაჭერას მიიღებენ, მიღებული პროცენტების მიხედვით გაიყვანენ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს. რაიმე ტიპის რევოლუციური ცვლილება ამ მიმართულებით ნამდვილად არ მომხდარა. ამ ცვლილებას ვერ დავაბრალებთ იმ შედეგებს, რომლითაც ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დამთავრდა და არც მომავალ არჩევნებში ექნება ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა. უბრალოდ გავიმეორებ, რომ მე არ მომწონს როგორი განაწილების წესიც მოქმედებს კომისიებში პარტიების წარმომადგენლობის მხრივ, მაგრამ უკეთესი ვერ მოვიფიქრეთ. რამდენი წელიწადია, ეს ვერ შევძელით ვერც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად.
-არც ახალი წესი მოგწონთ?
- ახალი იმას კი ჯობია, რომელიც ახლა მოქმედებს. არსებობს ვერსიაც, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იყოს მთლიანად პროპორციული კადრებით დაკომპლექტებული. ასეთ შემთხვევაში ალბათ, ძირითადი ხმაური წამოვიდოდა ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ევროკავშირის და განვითარებული მსოფლიოს ბევრი ქვეყანა სწორედ პროფესიული ნიშნით აკომპლექტებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა კომისიებსაც.
-ახალი წესის მიხედვით კომისია დაკომპლექტდება მიღებული ხმების პროპორციულად, მოქმედი კანონით კი ეს დაფინანსების მიხედვით ხდება. თუკი ეს ცვლილება წევრების გადანაწილებაზე გავლენას არ იქონიებს, მაშინ რა განსხვავებაა მოქმედ და ახალ ცვლილებას შორის?
-თუ ვინმე მეტყვის, რომ ამ საკითხში კარდინალური ცვლილებაა, ნამდვილად არ არის ასე. წინა შემთხვევაშიც ყველაფერი დამოკიდებული იყო მიღებულ ხმებზე, რომლის მიხედვითაც პარტიები დაფინანსებას ღებულობდნენ და ახლაც არის დამოკიდებული ამ ხმებზე. რევოლუციური ცვლილება მოხდებოდა მაშინ, თუკი პროფესიული ნიშნით დაკომპლექტდებოდა საარჩევნო კომისიები.
-საპარლამენტო ოპოზიცია ისევ ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც შეეხება "გაზპრომის" ხელშეკრულების, აფგან მუხთარლის დაკავებისა და ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გაყვანის საკითხების შესწავლას. აქვს თუ არა მათ მოთხოვნას რაიმე პერსპექტივა პარლამენტში?
-დიდი ხანია ამას ითხოვენ და წინასწარ გეუბნებით, რომ კიდევ 20 თემა იქნება, რომლის გამოც საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ. შემიძლია ოპოზიცია დავამშვიდო: უმრავლესობა ახლა არ ეთანხმება ამ კომისიების შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე, მაგრამ როცა ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში, ოპოზიციას აქვს ცალსახა უფლება რომ უმრავლესობის გარეშე შექმნას და დააკომპლექტოს საგამოძიებო კომისია. მოქმედი კონსტიტუციით, მე პირადად, როგორც უმრავლესობის წევრს, არ მიმაჩნია, რომ ოპოზიციის პოლიტიკური ქულების მოსაგროვებლად პარლამენტში საგამოძიებო კომისიები უნდა შეიქმნას.
0