11:11:38     06-11-2017
გიორგი მღებრიშვილს პარლამენტში ელოდებიან

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის პარლამენტში მისვლას დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვს საპარლამენტო ოპოზიცია.
საკანონმდებლო ორგანოში გიორგი მღებრიშვილის დაბარების საკითხს ოპოზიცია ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენებს.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც პარტიის წევრები შს მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას ითხოვენ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეა.
„სამწუხაროდ, მღებრიშვილი ემალება საზოგადოებას და პარლამენტს. რეალურად, ის უნდა გადამდგარიყო კიდეც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, მაგრამ როგორც ბიძინას მორიგი შემსრულებელი, ის ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ სჭირდება,“ - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია"ნაციონალური მოძრაობის" თინათინ ბოკუჩავამ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ დღეს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები.
ასევე იგეგმება დევნილთა დახმარების გაზრდასა და მეწარმეებისთვის გადასახადების შემცირებაზე ყურადღების გამახვილებაც.
"საგამოძიებო კომისიის შექმნა აქტუალურია, რადგან 5 თვე გავიდა და ამ მიმართულებით არაფერი არ არის. გარდა ამისა, დევნილების დახმარების გაზრდა, ასეთი ინიციატივაც გვაქვს და არის ეკონომიკური საკითხებიც, რომელიც ეხება გადასახადების შემცირებას,“ - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს წევრმა სერგო რატიანმა.
როგორც ერთი კვირის წინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა,შს მინისტრი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ანგარიშით ნოემბრის თვეში წარდგება.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, თანხმდება კონკრეტული თარიღი და დრო.
გიორგი მღებრიშვილს შესაძლოა ნოემბრის ბოლოს მოუსმინონ.
ეკა ბესელიას ინფორმაციით, მინისტრის პარლამენტში მისვლა მხოლოდ ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარს არ უკავშირდება.
"ველოდებით ანგარიშსაც, ახალ კონცეფციასაც, რაც პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ნაწილია. გვაქვს დასტური", - თქვა ეკა ბესელიამ.
0