14:34:14     31-10-2017
"საინტერესოა, "ნაციონალურ მოძრაობას" საიდან აქვს ეს ვიდეო, თუ თვითონ არ იღებენ ამაში მონაწილეობას?"

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე არ გამორიცხავს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში ასახული პირი თავად ამ პარტიის წევრი იყოს.
როგორც სოფიო კილაძემ განაცხადა, თუ რომელიმე მოქალაქემ რამდენჯერმე მისცა ხმა, ეს გამოძიებული უნდა იქნას.
"ეს ადამიანი დადასტურებულად "ქართული ოცნების" წევრია თუ ვის აძლევს ხმას? არ მინახავს კონკრეტული ვიდეო, მაგრამ პირველ რიგში უნდა გაირკვეს, ვინ არის ეს ადამიანი. იქნებ თვითონ "ნაციონალური მოძრაობის" წევრია?! მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, თუ ვინმემ რამდენჯერმე მისცა ხმა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს და ასევე ის პირებიც, ვინც ვალდებული იყო, მონიტორინგი გაეწია ამ სიტუაციისთვის. რა თქმა უნდა, ადეკვატური რეაქცია უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს. ძალიან საინტერესოა, "ნაციონალურ მოძრაობას" საიდან აქვს ეს ვიდეო, თუ თვითონ არ იღებენ ამაში მონაწილეობას?",- განაცხადა სოფიო კილაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის” ერთერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ერთი და იმავე ამომრჩევლის მიერ ორჯერ მიცემულ ხმას, ე.წ. კარუსელს, ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ხმის მიცემას.
ხატია დეკანოიძემ დარღვევების ამსახველი ვიდეომასალა წარადგინა.
0