გიორგი კახიანი: პრემიები როგორც ასეთი, აღარ იარსებებს გიორგი კახიანი: პრემიები როგორც ასეთი, აღარ იარსებებს />


  17:09:27     30-10-2017

გიორგი კახიანი: პრემიები როგორც ასეთი, აღარ იარსებებს

a73013.jpg

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონში ცვლილებები დღეს პირველი მოსმენით განიხილა. ცვლილებების თანახმად, შრომის ანაზღაურების მაქსიმუმი 10% შეიძლება იყოს პრემია, ხოლო დანამატი მაქსიმუმ 20%. რაც შეეხება ჯილდოს, მას არ აქვს შეზღუდვა.

ოპოზიცია ამბობს, რომ მმართველ გუნდს შემოაქვს ახალი ცნება - ჯილდო, რაც მათი აზრით, ხელისუფლების წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, კვლავაც უკონტროლოდ გასცენ საბიუჯეტო ხარჯები.

"პრესა.ჯი" პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანს ესაუბრა:

-რით არის განსაკუთრებული კანონპროექტი, რომელიც ახალი რეგულაციებს ითვალისწინებს?

-კანონპროექტი,  რომელიც არის ინიცირებული „საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების" თაობაზე, არის უნიკალური, რადგან მსგავსი კანონი ეროვნული სამართლის სისტემაში აქამდე არ ყოფილა. ეს იქნება კანონი, რომელიც მოაწესრიგებს ხელფასებთან დაკავშირებულ საკითხებს საჯარო სამსახურში დასაქმებულ თითოეულ პირთან მიმართებაში. კანონის მიხედვით, პრემიები როგორც ასეთი, აღარ იარსებებს. დანამატებთან დაკავშირებული საკითხები ძალიან მკაცრად იქნება გაწერილი, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი დანამატების მიღება მოხელეებისათვის. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ კითხვები, რომელიც ხშირად ჩნდებოდა პრემიებსა და დანამატებთან  მიმართებაში, ამ კანონის მიღებით ეს კითხები საერთოდ მოიხსნება პოლიტიკური დღის წესრიგიდან.

-საჯარო მოხელეს შეეძლება წლის განმავლობაში ჯილდო რამდენჯერმე აიღოს?

-ჯილდო თავისი არსით პრემიისგან აბსოლუტურად განსხვავდება. პრემიები საერთოდ არ იარსებებს და ბუნებრივია, ჯილდო საერთოდ ვერ ჩაანაცვლებს პრემიებს, რადგან მას თავისი სპეციფიკა აქვს. ჯილდო შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული საქმიანობის გამო მიეცეს საჯარო მოხელეს. ამავდროულად, განსაზღვრულია ზედა ჭერი, რა ფარგლებშია შესაძლებელი ჯილდოს მიცემა საჯარო მოხელისთვის.

-მინისტრი, მინისტრის მოადგილე ხვდება თუ არა განსხვავებულ პირობებში?

-ყველა საჯარო მოხელეზე გავრცელდება ერთი და იგივე რეგულაცია. გამონაკლისი არ არსებობს.

-დანამატი რა ფორმით გაიცემა?

-ეს დაკავშირებული იქნება იმასთან, რა საქმიანობას ეწევა საჯარო მოხელე.  მან განსაკუთრებული საქმიანობისთვის შეიძლება მიიღოს ჯილდო, მაგრამ ისევ ვიმეორებ, რომ ჯილდოს პრემიის ჩამნაცვლებლად განხილვა დაუშვებელია, რადგან არსობრივად სხვა რამეს ნიშნავს.

-საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას დღეს იყო მოსალოდნელი. რატომ გადაიწია ამ საკითხმა?

-საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება ძალიან მალე, ვფიქრობ მიმდინარე კვირაში. როგორც იცით, 76 პარლამენტარის ხელმოწერაა საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს ინიცირება. ერთი თვის განმავლობაში მოეწყობა საყოველთაო-სახალხო განხილვები და ამის შემდეგ პლენარული სხდომაზე დაიწყება კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა. მიმდინარე სესიაზე ორი მოსმენით უნდა განვიხილოთ ეს დოკუმენტი და სამი თვის გასვლის შემდეგ საგაზაფხულო სესიაზე იქნება შესაძლებელი მისი მესამე მოსმენით დამტკიცება. ეს ეხება იმ ცვლილებებს, რომლის განხორციელებაზეც დიდი ხნის წინ ვსაუბრობდით.

0

ავტორი: