ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება დღეს, ან ხვალ მოხდება ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება დღეს, ან ხვალ მოხდება />


  13:36:09     30-10-2017

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება დღეს, ან ხვალ მოხდება

a73000.jpg

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება დღეს, ან ხვალ მოხდება. 

მისი თქმით, ხელმოწერების შეგროვება დასრულებულია და ხუთშაბათს საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება. 

"საქმე ეხება მხოლოდ ოთხ საკითხს, რაზეც შევთანხმდით ვენეციის კომისიასთან -საუბარია ბონუსის სისტემის გაუქმებაზე; ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე; ზუსტდება რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით ჩანაწერი და ზუსტდება ჩანაწერი, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით - ეს არის ოთხი ცვლილება, რომელიც შევა კონსტიტუციაში.

 ამისათვის, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას, რის შემდეგაც დაიწყება საპარლამენტო განხილვები. ჩვენ დეკემბერში გვექნება ორი მოსმენა, ხოლო მარტში - მესამე მოსმენა. კონსულტაციები კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის დასრულებული, გვაქვს კონკრეტული შეთანხმება ვენეციის კომისიასთან, რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს პარლამენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეკითხვაზე, პრეზიდენტს და არასამთავრობო სექტორს შესთავაზებს თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვებში ჩართვას, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ყველა იქნება ჩართული ამ განხილვებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კონსტიტუციის შინაარსთან დაკავშირებით, დისკუსია ამოწურულია. საქმე ეხება ოთხ საკითხს, რომელზეც შევთანხმდით ვენეციის კომისიასთან. არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოდგენილი იქნება კომისიაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 0

ავტორი: