15:40:55     24-10-2017
თამარ ჩუგოშვილი: პარლამენტის ყველა წევრმა ეთიკის სტანდარტები საკუთარ თავს უნდა დავუწესოთ

გენდერული თანასწორობის საბჭომ ოპოზიციონერი დეპუტატების სალომე სამადაშვილისა და ხათუნა გოგორიშვილის სარჩელები განიხილა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ვანო ზარდიაშვილი და გია ვოლსკი ეთიკის წესების დარღვევაში დაადანაშაულა.
როგორც საბჭოს სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, აღნიშნული ფაქტები "ეთიკის კოდექსის" დროულ მიღებაზე მიუთითებს.
საქმე ეხება თავდაცვის პარლამენტის კომიტეტისა და ბიუროს სხდომებზე პოლიტიკური დებატების დროს მომხდარ დაპირისპირებას, სადაც გია ვოლსკიმ სალომე სამადაშვილის "გოგო" უწოდა, ხოლო ვანო ზარდიაშვილმა ხათუნა გოგორიშვილს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ქ-ნო ხათუნა, პირი დაკეტეთ".
პრესა. ჯი.“ პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს, თამარ ჩუგოშვილს ესაუბრა:
-გენედერული საბჭოს სხდომაზე განიხილეთ ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მომზადებული საჩივარი, სადაც მათი მიმართვა ეთიკის წესების დარღვევად შეფასდა. რა შეიძლება შეცვალოს ეთიკის კოდექსმა, რომლის მომზადებაც დღის წესრიგში დადგა?
-იმედი მაქვს, რომ მსგავსი ტენდენცია არ გაგრძელდება. კარგია, რომ კოლეგებს, როდესაც უჩნდებათ შეგრძნება, რომ მათ მიმართ ამ ტიპის დარღვევას ჰქონდა ადგილი და ამაზე ხმამაღლა საუბრობენ. ერთადერთი, რაც გენდერული თანასწორობის საბჭოს შეგვეძლო, იყო ის, რომ მათი განცხადებები განგვეხილა, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი რეაგირების მექანიზმი ჩვენ კანონმდებლობით არ გვაქვს მონიჭებული. აქედან გამომდინარე, საჩივრები, რომელიც იყო წარმოდგენილი, ადასტურებს ეთიკის კოდექსის დროულად მიღების საჭიროებას.
-უკვე დაიწყო ეთიკის კოდექსზე მუშაობა და ამ კონკრეტულმა საჩივრებმა დააჩქარა მისი მომზადების აუცილებლობა?
-პარლამენტი აქტიურად მუშაობს, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. ეთიკის კოდექსის შემუშავების პროცესი თითქმის ბოლომდეა მიყვანილი და იმედი მაქვს, რომ პარლამენტი დროულად მიიღებს მას.
-ეთიკის კოდექსის მიღების შემდეგ საკანონმდებლო მიმართულებით რა შეიცვლება?
-ეთიკის კოდექსი არის ნორმატიული აქტი და ვგულისხმობ იმას, რომ თუკი დღეს კანონმდებლობა არ გვაძლევს შესაძლებლობას, მსგავს ფაქტებზე კონკრეტული სამართლებრივი რეაგირებები განვახორციელოთ, მას შემდეგ, რაც ეთიკის კოდექსს მივიღებთ, ეს შესაძლებლობა გაჩნდება. პარლამენტის ყველა წევრმა ეთიკის სტანდარტები საკუთარ თავს უნდა დავუწესოთ.
0