თამაზ მეჭიაური: როცა მერობის კანდიდატის გვარი არავინ იცის, ეს ხომ თვითონ რაიონის შეურაცხყოფაა თამაზ მეჭიაური: როცა მერობის კანდიდატის გვარი არავინ იცის, ეს ხომ თვითონ რაიონის შეურაცხყოფაა />


  19:59:21     21-10-2017

თამაზ მეჭიაური: როცა მერობის კანდიდატის გვარი არავინ იცის, ეს ხომ თვითონ რაიონის შეურაცხყოფაა

a72775.jpg

Presa.ge თიანეთის მერობის კანდიდატს, „ერთიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურს ესაუბრა:

- არჩევნების დღე შესამჩნევად მშვიდი გამოდგა თიანეთის რაიონის საარჩევნო უბნებზე. როგორ ფიქრობთ, თქვენი დაანონსებული გამარჯვება უკვე სახეზეა?

- არჩევნები ჩატარებულად არ ითვლება, ვიდრე არ დაითვლება ხმები და არ გაფორმდება ოქმები. 

- თქვენ  საკუთარ გამარჯვებაში დიდი ხანია დარწმუნებული ხართ და დღის როგორ აფასებთ საარჩევნო პროცესს, მიზანთან ახლოს ხართ?

- სახელისუფლებო და ოპოზიციურ კანდიდატს შორის როდესაც მიდის დავა, იქ თავისთავად ცხადია, ადმინისტრაციული რესურსი სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობს, მაგრამ ამას ვამბობ არა წუწუნით და იმ ფორმით, რომ ამის გამო შანსები არ მაქვს. პირიქით, მე შანსიც მაქვს და დიდი ალბათობით, არჩევნები მოგებულიც მაქვს, მაგრამ ვიდრე ხელში არ დავიჭერთ შემაჯამებელ ოქმებს, რომელიც რეალურად მიღებულ ხმებს დააფიქსირებს, არ ავჩქარდები და შედეგებზე არ ვილაპარაკებ.

- დღის გამავლობაში ვრცელდება ინფორმაცია რომ სხვადასხვა ადგილებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილი ჰქონდა მოქალაქეებისთვის თანხის დარიგებას, საარჩევნო უბნებთან უცხო პირების შესამჩნევ მოძრაობას და ა.შ. მსგავსი ფაქტები თუ შეამჩნიეთ თიანეთის რაიონის საარჩევნო უბნებზე, ან სხვა დარღვევა თუ დააფიქსირეთ?

- მე სხვა საკითხებით ვიყავი დაკავებული და შტაბთან ამ თემაზე დეტალურად ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ თავად ის ფაქტი რომ რამდენიმე უბანში ყოფილი გამგებელი და მისი მეუღლე  იყო შესული, დარღვევაზე არ მეტყველებს?

- ანუ?

- თიანეთის ყოფილი გამგებელი შემოვლაზე დადიოდა და მეუღლეს აცნობდა კომისიის წევრებს თუ რას აკეთებდა, არ ვიცი. გუშინ, ერთ ქალბატონს გაუგზავნეს შეშა და უთხრეს, რომ ხმა უნდა მისცე იმას, რადგან ეს შეშა  გამოგიგზავნაო. რამდენიმე დღის წინ მთელი განათლების სისტემა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციები შეკრიბეს და იმ წვიმაში, მცხეთაში წაიყვანეს. დილიდან ალოდინეს და პრეზენტაცია კიდევ საღამოს 8 საათზე ჰქონდათ. თუ რამე ტრანსპორტი გააჩნდათ, მათ შორის, მიკროავტობუსები, რომლებიც სკოლებს ემსახურებიან, დილიდან საღამომდე  „ქართული ოცნების“ შტაბთან  ტყუილად ჰყავდათ გაჩერებული და ბავშვები სკოლებიდან სახლებში ფეხით გაუშვეს. თუნდაც ის, რომ 2-3 დღის წინ სკოლის მასწავლებლები მოიყვანეს შეხვედრაზე დღევანდელ მერობის კანდიდატთან (ყოფილ გამგებელთან)

- ბ-ნო თამაზ, რამდენადაც ცნობილია, თქვენი მთავარი კონკურენტი „ქართული ოცნებიდან“ თიანეთის ყოფილი გამგებელი და კანდიდატებს შორის ერთადერთი ქალბატონია... იქნებ გვარი და სახელი შემახსენოთ?

- ეგ არაფერი, ხანდახან თვითონაც არ ახსოვს თავისი გვარი და სახელი. სხვათაშორის, ერთი ორჯერ ინტერვიუ ჩამოართვეს, სულ სხვა სახელით და გვარით იხსენიებდნენ და ერთხელ არ ამოუღია ხმა. თიანეთის ფაქტიური დეპუტატი და გამგებელი ზაქარია ქუცნაშვილია. ეს ქალბატონი თავის დროზე გამგებლადაც მაგან მოიყვანა, ახლაც მისი სამოურავოს წევრია და ახლაც ზაქარია ქუცნაშვილი ცდილობს მის მერად გაყვანას.

- თიანეთის ყოფილი გამგებელი ამჟამად არის თიანეთის მერობის კანდიდატი და თქვენი კონკურენტი. მე მართლა არ ვიცი გვარი და თქვენ რატომ მალავთ?

- თვითონ ფაქტი, რომ მერობის კანდიდატის გვარი არ იცით, აქედანაც ჩანს, რომ ის ნომინალური გამგებელი იყო. მე რომ თიანეთის მერი გავხდები, არ გეცოდინება ჩემი გვარი? როცა მერობის კანდიდატის გვარი არავინ იცის, ეს ხომ თვითონ იმ რაიონის შეურაცხყოფაა, რომელსაც 4 წელი მართავდა ვიღაც და ვერავინ ვერ იხსენებს. მე მის გვარს არ გეტყვით, ვიდრე თავად არ გაგაცნობთ თავის თავს.

- როგორც ვხვდები, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი თქვენი  ერთადერთი კონკურენტია..

-კი ბატონო, ასეა! 0

ავტორი: