10:25:42     21-10-2017
საია: ამ დროისთვის დაფიქსირდა საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე დარღვევა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ არჩევნების მიმდინარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა.
„დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით.
თუმცა, ამ დროისთვის დაფიქსირდა საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე დარღვევა, ასევე ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის არაერთი შემთხვევა (ძირითადად თბილისში). ჩვენი დამკვირვებლების ინფორმაციით, სავარაუდოდ ადგილი აქვს ამომრჩევლის ნებაზე კონტროლს, რაც გამოიხატება შემდეგში: რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან დგანან საარჩევნო სუბიექტების „ქართული ოცნების“, „მემარცხენე ალიანსის“ ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალი სიტყვის“ წარმომადგენლები და ინიშნავენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს, სავარაუადოდ, მათ ვინაობას და ამომრჩევლის სიაში რეგისტრაციის ნომერს“, - აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.
ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 6 საჩივარი და 9 შენიშვნა.
0