10:44:28     20-10-2017
ოპოზიცია ყიზილაჯლოში მომხდარ დაპირისპირებაზე: ეს არის „ქართული ოცნების“ სახე

მარნეულში, ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ შტაბთან მომხდარი სროლა შიდაპარტიულ დაპირისპირებას უკავშირდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრები საუბრობენ.
პარტიის მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევის თქმით, რომ მომხდარის დეტალები მათთვის უცნობია, თუმცა ადგილობრივები ერთ-ერთ ვერსიად შიდა დაპირისპირებას ასახელებენ. კერძოდ, მომხდარი „ქართული ოცნების“ მერობისა და გამგებლობის კანდიდატების, ამირან გიორგაძის და თეიმურაზ აბაზოვის გვარებს უკავშირდება.
საქმე ეხება „ქართული ოცნების“ მიერ მერობის კანდიდატის შეცვლის შემდეგ მარნეულში დაწყებულ აქციებსა და დაპირისპირებაზე.
„ეს არის „ქართლი ოცნების“ სახე, დღეს საქართველოში მმართველი გუნდი არის „ქართლი ოცნება“ და ხდება ასეთი ფაქტები. წინასწარ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს სამწუხაროდ. ვუყურეთ გიორგი მღებრიშვილის გამოსვლას, არანაირი გამოძიება, მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს, რის გამო მოხდა, რატომ მოხდა. ჩვენ ვიცით ჭორის დონეზე, რომ ეს შესაძლებელია იყოს შიდა პარტიული დაპირისპირება“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა.
შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე საუბრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. როგორც პარტიაში აცხადებენ, ბოლო პერიოდში მარნეულში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. გარკვეული პირები მარნეულში იარაღით გადაადგილდებიან, არის ძალადობისა და ქურდობის გახშირებული ფაქტები.
0