ირაკლი გამრეკელი - ქართული სცენოგრაფიული ხელოვნების კლასიკოსი ირაკლი გამრეკელი - ქართული სცენოგრაფიული ხელოვნების კლასიკოსი />


  21:31:37     17-05-2011

ირაკლი გამრეკელი - ქართული სცენოგრაფიული ხელოვნების კლასიკოსი

a6027.jpg

1894 წლის 6 (ახალი სტილით 17) მაისს დაიბადა ცნობილი ქართველი მხატვარი, ქართული თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ირაკლი გამრეკელი.

 

მომავალი მხატვარი ქვეყანას მოევლინა გორში, მღვდლის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1911-1917 წლებში კი თბილისის სასულიერო სემინარიაში. სამხატვრო ხელოვნებას ეუფლებოდა თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიასთან არსებულ მხატვრის კურსებზე.

 

შემდეგ, 1917-1918 წლებში სწავლობდა დონის როსტოვში, სამედიცინო ინსტიტუტში. 1918 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. თან მუშაობდა ერთ-ერთ კლუბში მხატვრად. მეოთხე კურსზე იყო, როდესაც გადაწყვიტა სწავლისთვის თავი მიენებებინა და მთლიანად მხატვრობით ყოფილიყო დაკავებული. 1916-1926 წლებში ქმნიდა დაზგურ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს.  შექმნა ილუსტრაციები გრიგოლ რობაქიძის რომანისთვის „გველის პერანგი“, კარლო კალაძის პოემებისათვის „ძახილი მთაში“, „ქურდი“, „რჩეული“და სხვა.

 

1920 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა თბილისურ მხატვრულ ცხოვრებაში, მონაწილეობას იღებდა ქართველ მხატვართა სურათების გამოფენაში, გატაცებული იყო მოდერნიზმით.

 

ქართული სახვითი ხელოვნება ყოველთვის გამორჩეული იყო. გავიხსენოთ ჩვენი შესანიშნავი ფრესკები, მინიატურები ხელნაწერ წიგნებში და სხვა. XX საუკუნემ ახალი შესაძლებლობები მოიტანა მხატვართა ნიჭის გამოსავლენად. ეს არის თეატრი და კინო, სადაც დიდი რეჟისორები მოღვაწეობდნენ, რომლებიც შესანიშნავ მხატვრებთან და მსახიობებთან ერთად მოწოდებულნი იყვნენ ისეთი ეროვნული და საკაცობრიო დონის დადგმები განეხორციელებინათ, რომელიც ეკადრებოდა ქართველ ხალხს, მის კულტურას.

 

დიდმა რეჟისორმა კოტე მარჯანიშვილმა 1922 წელს ქართველ მხატვართა გამოფენაზე ნახა ირაკლი გამრეკელის მიერ ილუსტრირებული ოსკარ უაილდის "სალომეა". დიდი რეჟისორის ალღომ და თვალმა უმალ იცნო ირაკლი გამრეკელის შემოქმედებითი ტალანტი და მიიწვია რუსთაველის თეატრში. 1923 წლიდან გახდა რუსთაველის თეატრის მთავარი მხატვარი და დიდი წვლილი შეიტანა ქართული თეატრის განვითარებაში. ნაყოფიერად მოღვაწეობდა მეორე დიდ რეჟისორთან, სანდრო ახმეტელთანაც. ირაკლი გამრეკელის გაფორმებით დაიდგა ცნობილი და გახმაურებული სპექტაკლები, შექსპირის "ჰამლეტი" და "ოტელო", შანშიაშვილის "ანზორი", რობაქიძის "ლამარა", შილერის "ყაჩაღები" და სხვა. იგი ითვლება ქართული სცენოგრაფიული ხელოვნების კლასიკოსად. გაფორმეული ჰქონდა 50-ზე მეტი სპექტაკლი. იგი კუბიზმ-ფუტურიზმის ერთ-ერთ პირველi შემომტანი იყო ჩვენს ქვეყანაში, ქართულ ხელოვნებაში. აღსანიშნავია ამ მიმართებით მისი რამდენიმე პორტრეტი, შესრულებული გრაფიკაში კუბიზმისათვის დამახასიათებელი მანერით. განსაკუთრებულია მისი ტიციან ტაბიძის პორტრეტი. თუმცა მისი შემოქმედება ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით ვითარდებოდა. ქართულ სცენაზე სიახლეები გაჩნდა, სპექტაკლები მეტი გამომსახველობით გამდიდრდა. გრიგოლ რობაქიძის "ლამარა" რომ დაიდგა, ყველა აღფრთოვანებული იყო, ისე მშვენივრად და მონუმენტურად იყო გადმოცემული, თურმე, ქართული გზნება. აღსანიშნავია, მისი ნამუშევრების ფერები.

 

1924 წლიდან ირაკლი გამრეკელი გახდა ქართული ფუტურისტული ჟურნალის „H 2S04“ რედკოლეგიის წევრი და მხატვრული გამფორმებელი.

 

იყო კორპორაცია „დურუჯის“ წევრი, რომელიც რუსთაველის თეატრში ჩამოყალიბდა 1924 წელს. თავიდან მისი საპატიო წევრი გახლდათ კოტე მარჯანიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ "დურუჯი" სიახლისათვის იბრძოდა, მოხდა გარკვეული გაუგებრობანი, მარჯანიშვილმა თეატრი დატოვა, ორგანიზაცია კი დაიშალა.

 

ირაკლი გამრეკელი მოღვაწეობდა ქართულ კინოშიც. 1929 წელს რეჟისორმა კოტე მიქაბერიძემ გადაიღო ექსპრესიონისტული ფილმი "ჩემი ბებია" (გიორგი მდივნის სცენარით). დამდგმელი მხატვარი ამ ფილმისა გახლდათ ირაკლი გამრეკელი. ირაკლი გამრეკელი, თამარ აბაკელიასთან ერთად არის დამდგმელი მხატვარი მხატვრული ფილმისა "არსენა", რომელიც 1937 წელს გადაიღეს.

 

ირაკლი გამრეკელი მუშაობდა მოსკოვში ა. ტაიროვის კამერულ თეატრში, ლენინგრადის კიროვის სახელობის თეატრში, კიევისა და ბაქოს თეატრებში.

 

1934 წელს ირაკლი გამრკელს მიანიჭეს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1936 წელს დაჯილდოვდა საპატიო ნიშნის ორდენით.

 

ირაკლი გამრეკელი გარდაიცვალა ძალიან ახალგაზრდა, 1943 წელს, თბილისში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

0

ავტორი: