17:28:09     16-10-2017
რომან გოცირიძე: გამოაჩინონ მოყუჩებული 200 მილიონი ლარი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვის პირველი ეტაპის შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს. ამით საკომიტეტო განხილვები დასრულდება და ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შენიშვნებით მთავრობას დაუბრუნდება. კორექტირებულ ვარიანტს პარლამენტს უკვე 14 ნოემბრისთვის წარუდგენენ. სხდომაზე დოკუმენტთან დაკავშირებით დასმული მთავარი კითხვები ეხება პენსიების და პედაგოგების ხელფასების გაზრდას.
შემაჯამებელი სხდომის დაწყებამდე "პრესა.ჯი" ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძეს ესაუბრა:
-რა შენიშვნებით უნდა დაუბრუნოს პარლამენტმა მთავრობას პირველი მოსმენით განხილული ბიუჯეტის პროექტი დ არა შეიცვლება მთავარ დოკუმენტში უკვე გამოთქმული შენიშვნების საფუძველზე?
-ეს ბიუჯეტი წინა ბიუჯეტების მსგავსად შეიცავს მაკროეკონომიკურ რისკებს, ბიუჯეტი არის დაუბალანსებელი და დიდი, რაც ისევ გამოიწვევს ლარის ინფლაციას და ფასების ზრდას. ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა გაწეულია საშინაო და საგარეო ვალების ზრდის ხარჯზე. 2018 წის ბიუჯეტი წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, იზრდება 1 მილიარდით და ეს თანხა არის დაქუცმაცებული უამრავ სხვადასხვა მუხლებში, ფაქტობრივად ნარჩუნდება ბიუროკრატიული და არაეფექტური ხარჯები. ყველაზე მნიშვნელოვანი ხარვეზი ის არის, რომ ბიუჯეტი საპარლამენტო განხილვების შემდეგ გაიზრდება კიდევ უფრო მეტად, რადგან ამათ 200 მილიონი ყოველთვის აქვთ გადამალული. ეს თანხა გამიზნულია დეპუტატებისა და კომიტეტების მხრიდან გამოთქმული შენიშვნების დასაკმაყოფილებლად. თუკი, პირველი მოსმენის შემდეგ ბიუჯეტი გაიზრდება 200 მილიონი ლარით და ვიცი, რომ აქვთ გადამალული, ეს თანხა უნდა მოხმარდეს პენსიების ზრდას.
-როგორ?
-ეს არის 50 ლარიანი პენსიის ზრდა ივლისის თვიდან, მაგრამ თუკი ბიუროკრატიულ ხარჯებსაც შეამცირებენ, მაშინ 400 მილიონი ლარი ჰყოფნის იანვრის თვიდან პენსიების გაზრდას. რომ არ დაიწყონ თავის მართლება, საკმარისია, მათ გამოაჩინონ ეს მოყუჩებული 200 მილიონი. კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ივლისის თვიდან 50 ლარით მოხდეს პენსიის გაზრდა.
-სამეგრელოში, თქვენი პარტიის წარმომადგენლის მიერ კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით რა ინფორმაცია გაქვთ?
- ეს ინფორმაცია ზუსტდება და ჯერ არ ვიცი, რამდენად სწორია, ან არასწორი. ზუგდიდში, პარტიულ ოფისში იმყოფებიან პარტიის ლიდერები და საღამოს გვეცოდინება დაზუსტებული ინფორმაცია.
0