14:06:54     16-10-2017
გია ვოლსკი: თვითმმართველობის არჩევნები მეორე ტურების გარეშე არ ჩაივლის

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე უკონკურენტოა, შესაბამისად, დედაქალაქში მეორე ტურის ჩატარება მოსალოდნელი არ არის.
ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის შეფასებისას განაცხადა.
მისი აზრით, ქვეყნის მასშტაბით, მეორე ტურების ჩატარება მოსალოდნელია, თუმცა არა თბილისში.
"თვითმმართველობის არჩევნები მეორე ტურების გარეშე არ ჩაივლის. ჩვენი ძალისხმევა იქითკენ იყო მიმართული, რომ არჩევნებში გამარჯვება ადვილი არ ყოფილიყო. თბილისში მეორე ტურს არ ველოდები, რადგან კანდიდატების პროგრამის შეფასება ადვილია. ქალაქში რა პრობლემებია, ყველამ ვიცით, მაგრამ იმის აშკარა განსხვავება ჩანს, თუ ვის უფრო შეუძლია, ამ პრობლემებს თავი გაართვას. ამ შემთხვევაში კახა კალაძის უპირატესობა თვალში საცემია. აშკარაა, რომ კახი კალაძე უკონკურენტოა", - აცხადებს ვოლსკი.
საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.
0