10:52:21     17-05-2011
„მონსტრების“ დაბრუნება
კომპანია „დისნეიმ“ თავის ბლოგზე შეტყობინება გამოაქვეყნა, სადაც მულტფილმ „მონსტრების უნივერსიტეტის“ სავარაუდო სიუჟეტის შესახებ გავრცელებული ხმები დაადასტურა.
ახალი ფილმი წინა სერიის, 2001 წელს გამოსული „მონსტრების კორპორაციის“ გაგრძელება არ იქნება. „მონსტრების უნივერსიტეტში“ აღწერილი იქნება, თუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი ორიგინალური ფილმის მთავარმა გმირებმა, მაიკ ვაზოვსკიმ და ჯეიმს სალივანმა.
სალი და მაიკი პირველად სასწავლებლის სასადილოში შეხვდნენ. თავიდან ისინი ერთმანეთთან კონფლიქტში იყვნენ, მაგრამ შემდეგ საუკეთესო მეგობრები გახდნენ. ინტერნეტში რამდენიმე თვეა გაჩნდა შეტყობინებები იმის შესახებ, რომ მულტფილმის სცენარი სწორედ ასე წარიმართება. ახლა კი ამ ხმებმა ოფიციალური დადასტურება მოიპოვა.
კომპანია „დისნეი“ ასევე აზუსტებს, რომ მაიკს და სალის ბილი კრისტალი და ჯონ გუდმანი გაახმოვანებენ - ეს ის მსახიობები არიან, რომლებიც ორიგინალურ სურათზე მუშაობდნენ. მულტფილმი „მონსტრების უნივერსიტეტი“ ეკრანებზე 2013 წლის 21 ივნისს გამოვა.
0