17:48:24     10-10-2017
"ნებისმიერი აქცია და ღონისძიება, რომელიც პროგრესის ჩაშლისკენ იქნება მიმართული, უნდა აღიკვეთოს"

საკითხები, რომლებსაც დღეს ოპოზიცია თბილისის საკრებულოს შენობის წინ აპროტესტებდა, საკრებულოს სხდომამ დაამტკიცა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, თბილისში, ოქროყანის დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მეტრი ფართობი ტერიტორიის პრივატიზების საკითხს საკრებულოს 31-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. რაც შეეხება კენჭისყრას პუშკინის ქუჩაზე, „ცეკავშირის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 1900 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის შეთანხმების თაობაზე - საკრებულოს 29 დეპუტატმა მხარი დაუჭირა. თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, რადგან მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
საკრებულოს შენობის წინ განვითარებული მოვლენები საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „პრესა.ჯი"-სთან“ საუბრისას შეაფასა:
-როგორია თქვენი შეფასება საკრებულოს წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ საკრებულოს სხდომა არის ღია რამდენიმე შემთვევის გარდა, პარლამენტის წვერებს აქვთ უფლება შევიდნენ და დაესწრონ საკრებულოს სხდომას?
-აქ ერთი რამ არის მთავარი, რომ რასაც ისინი ქონების 1 ლარად გადაცემას ეძახიან, რეალურად საქმე გვაქვს მილიარდიანი ინვესტირების განხორციელებასთან, რასაც ისინი ხელს უშლიან. ამით ისინი, შესაბამისად ხელს უშლიან ეკოლოგიას, სამუშაო ადგილებს, ახალ პროექტებს და თბილისის ახალ სავიზიტო ბარათს. თუკი ასე აპირებენ ამომრჩევლის გულის მოგებას, ბუნებრივია, ამას პოზიტიურად და სწორ ნაბიჯად ვერ შევაფასებ. ვფიქრობ, ნებისმიერი აქცია და ღონისძიება, რომელიც პროგრესის ჩაშლისკენ იქნება მიმართული, უნდა აღიკვეთოს.
-გასაგებია, მაგრამ დეპუტატებს რეგლამენტის მიხედვით აქვთ უფლება შევიდნენ საკრებულოს სხდომაზე...
-ეს დეპუტატები წინასწარ აანონსებდნენ, რომ მათი ქმედება მიმართული იქნებოდა საკრებულოს სხდომის ჩაშლისკენ. ამ მიზნის წინაწარ დაანონსების შემთხვევაში, მგონია, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება იყო სწორი.
- სხდომაზე, სადაც სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებასთან დაკავშირებული საკითხი არ განიხილებოდა, ამ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა უფლება შესულიყვნენ საკრებულოს შენობაში?
-ზოგადად მართალი ბრძანდებით, პარლამენტის წვერს აქვს საკრებულოში შესვლის უფლება, მათ შორის სხდომაში მონაწილეობის მიღების უფლება, მაგრამ გიმეორებთ, რომ ეს ადამიანები წინასწარ აანონსებდნენ, რომ მათი მიზანი იყო საკრებულოს სხდომის ჩაშლა და საკრებულოს გადაწყვეტილება არის ლეგიტიმური.
-პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მიზანი ხშირად პარლამენტის პლენარული სხდომების ჩაშლის მცდელობაც, მაშინ რატომ აძლევთ მათ სხდომაზე მოსვლის უფლებას?
-როცა პარლამენტის წევრზე ვსაუბრობთ და საქმე პარლამენტს ეხება, მაშინ პარლამენტის რეალობა უნდა გავითვალისწინოთ და ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში.
-საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე წარუდგინა. აპირებს თუ არა უმრავლესობა, დაძლიოს ვეტო?
-მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები შეეხება 6 საკითხს, აქედან ოთხ საკითხთან დაკავშირებით ისედაც არსებობს შეთანხმება ვენეციის კომისიასთან, მეხუთე შეეხება ჩვენი პოლიტიკური ოპოზიციის ბედს, თუ რამდენი დეპუტატით მეტს გაიყვანენ შემდეგ პარლამენტში და მეექვსე არის იურიდიული აბსურდი. აქედან გამომდინარე, ამ ორი საკითხის დამატებით, პრეზიდენტმა უზრუნველყო ის, რომ ჩვენ ვეტოს გადავლახავთ. მან გაუშვა უკანასკნელი შანსი, პოზიტიური როლი ეთამაშა ამ პროცესში. პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ მისი შენიშვნების ნაწილის გაზიარება არ შეგვიძლია, ამიტომ დავაინიცირებთ და აუცილებლად მივიღებთ კონსტიტუციურ ცვლილებებს.
-შენიშვნები, რომელიც თქვენთვის მისაღებია, მოხვდება ცვლილებების ახალ ეტაპში?
-დიახ, ყველა ის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიის წინაშე ვალდებულება გვაქვს აღებული და შეთანხმება არსებობს, ბუნებრივია, მოხვდება ახალი ინიცირების პროექტის ფარგლებში.
-ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას როგორ აფასებთ?
-მათი პათოსი მთლიანად ემთხვევა ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც არის ძალიან პოზიტიური და აღიარებს საქართველოში გატარებულ წარმატებულ საკონსტიტუციო რეფორმას.
0