იოანე ბაგრატიონის დაბადების დღე ("დაუვიწყებლობა") იოანე ბაგრატიონის დაბადების დღე ("დაუვიწყებლობა") /> "/> " />


  17:45:53     16-05-2011

იოანე ბაგრატიონის დაბადების დღე ("დაუვიწყებლობა")

a5981.jpg

1768 წლის 16 მაისს ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრის გიორგი ბატონიშვილის ოჯახში დაიბადა მეორე ვაჟი, იოანე. მომავალი მწერალი, მწიგნობარი, ლექსიკოგრაფი, მეცნიერი, სარდალი და საზოგადო მოღვაწე. როგორც შეეფერებოდა სამეფო ოჯახის შვილს, მიიღო შესანიშნავი განათლება დავით რექტორის ხელმძღვანელობით.

მონაწილეობდა ომებში. კრწანისის ბრძოლის დროს თავისი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და ვაჟკაც თანამებრძოლებთან ერთად მეფე ერეკლე II, თავისი პაპა, ალყიდან გამოიხსნა.

 

1794-17999 წლებში ჯერ პაპისა და მერე მამის დავალებით აღწერა ქართლ-კახეთის, ხევსურეთის, ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის მთიანეთის, დაღესტნის, ჩეჩნეთ-ინგუშეთის, ნაწილობრივ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, ახალციხის ტერიტორიები. მის ნაშრომს დღეს დიდი მეცნიერული მნიშვნელობა აქვს. 1799 წელს შეადგინა და მამას, გიორგი XII წარუდგინა სახელმწიფოებრივი მოწყობის რეფორმის გეგმა ("სჯულდება"), რომლის განხორციელებაც ვერ მოესწრო, რუსეთის იმპერიის გამოისობით.

 

1801 წელს იძულებით საცხოვრებლად გადაიყვანეს სანკტ-პეტერბურგში. პეტერბურგში ყოფნისას ეწეოდა ნაყოფიერ ლიტერატურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას. შეისწავლა უცხო ენები. ქმნიდა სხვადასხვა ლექსიკონებს, სახელმძღვანელოებს, აგრეთვე ნაშრომებს ქართული ენის, საქართველოს ისტორიის, ბუნებისმეტყველების, მათემატიკის, არტილერიის შესახებ და სხვა დისციპლინებშიც. მას ეკუთვნის "შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა”; საბუნებისმეტყველო მეცნიერების ენციკლოპედია; ყრმათა სასწავლებლად განკუთვნილი „სხვათა და სხვათა სწავლათა შეკრებილებანი“,  ვრცელი რუსულ-ქართული ლექსიკონი; სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონიდან“ გამოკრებილი მცირე ქართული განმართებითი ლექსიკონი, „ქართული ლეკსიკონი“ (ჩვენამდე მხოლოდ ნაწილია მოღწეული), მის კალამს ეკუთვნის "პატარა ედემით განძება", "აღსარება", ლექსად დაწერილი "მიბაძვა იოანე სინელის კიბისა". გამოსცა "მუსიკალური სახელმძღვანელო". იგი ხატავდა კიდეც. ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ორგანიზაციას. ათარგმნინა გერმანელი მხატვრის იოანე პრეისლერის ხატვის სახელმძვანელო, საბუნებისმეტყველო განმარტებითი ლექსიკონი. მანვე ჩაიწერა “ვეფხისტყაოსნის” ხალხური ვარიანტი - “ტარიელიანი”.

 

იოანე ბაგრატიონმა თარგმნა ა. ფერგიუსონის "მოძღვრება ზნეობითი ფილოსოფიისა", პ. ჰოფმანის "საექიმო ნაშრომი", გ. დერჟავინის ლექსი "ღმერთი", "სამიჯნურო მიწერ-მოწერა იულიასთან", აბატ კონდოლიაკის "ლოღიკა", სპარსულიდან "სეილანიანი", ვოლტერის ლექსები.

 

იოანე ბაგრატიონის წვლილი დიდია ქართულ მედიცინაში. მან შეადგინა სამედიცინო ლექსიკონი, თარგმნა სამკურნალო კარაბადინი (თვითონაც დაამატა). შეადგინა სამკურნალო მცენარეთა ლექსიკონი, “სამკურნალო წიგნი”. მასში აღწერილია ავადმყოფობები, მოცემულია რეცეპტები და ასევე, წამლის დამზადების წესები.

 

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თვითონ იოანე ბატონიშვილი ასე აღწერდა თავის ნაშრომებს: “ექვსი ტომი ლექსიკონი რუსული და ქართული, კონდილიაკის “ლოღიკა”, ინგლისური ზნეთსწავლება საღმთო და საერო თანამდებობის წიგნი, ორი ტომი საზოგადო ისტორია, ენციკლოპედიური გვარი წიგნი, ვიდრე სხვადასხვა ჰსწავლათა ორასამდინ სწავლა, იკონოლოღია, შემოკლებული დავითნის განმარტება, დოდოს ანგელიელის პასტორის განსახვა, არიტმეტიკა, ლოგარითმა, ღეომეტრია, მტერეომეტრია, ღონგიმეტრია, პლანომეტრია, ტრიღონომეტრია, ვიშეღეომეტრია, ფორთეფიკაცია, არხიდექტურა, არტელერია, ტაკტა, სამკურნალო წიგნი, ბოტანიკა, ნატურალური ისტორია, ევდუქსია, და სხვანიცა” (აქ ყველაფერი არ არის ჩამოთვლილი).

 

იოანე ბაგრატიონი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია "კალმასობა" ("ხუმარსწავლა"). დიდმა ქართველმა მეცნიერმა ალექსანდრე ბარამიძემ "კალმასობას" “ძველი ქართული მწერლობის უკანასკნელი და ახალი ქართული მწერლობის პირველი თვალსაჩინო ძეგლი” უწოდა. ეს არის საუკეთესო ნაწარმოები, სადაც შესანიშნავი დიალოგებითა და თხრობის ლამაზი მანერით გადმოცემულია სხვადასხვა ისტორიები, ენციკლოპედიური ამბები (ტრაქტატები), სამეცნიერო ვარაუდები, ისტორიები და დასკვნები - რა სჭირდება ადამიანს და ქვეყანას.

 

უნდა აღინიშნოს, რომ იოანე ბაგრატიონის ვაჟი, გრიგოლი აქტიური მონაწილე იყო რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ კახეთის 1812 წლის აჯანყებისა. აჯანყებულებმა, ის მეფედაც გამოაცხადეს.

 

თავისი ერთ-ერთი ნაშრომის წინასიტყვაობაში იოანე ბატონიშვილი წერდა: “სიყვარულისა და ერთგულებისა გამო მამულისა ჩუენისა ვიიძულე ხელდებად წიგნისა ამისა”. თვითონ დარწმუნებული იყო, რომ მის ნაშრომებს “საქართველოს შინა მოსწავლენი არა უგულებელს ჰყოფენ და ამით ვიქნები მათგან დაუვიწყებელიო”.

 

იოანე ბაგრატიონი გარდაიცვალა 1830 წლის 15 თებერვალს.

 

დღეს გავიხსენოთ იოანე ბატონიშვილის "კალმასობიდან" პატარა ნაწყვეტი, სადაც მშვენიერი, თანამედროვე ქართულით მოთხრობილია სასაცილო ამბები.

 

მასხარა ოთარიკას ამბებიდან (თავი ოცდამესამე):

 

მელიქ ავეტიქამ თავის ძმისწულის ქორწილი უყო და დიდი პურობა გარდუხადა. მეფე, მეფის ძენი, კათოლიკოზი და სხვანი დიდი კაცნი იქ იყვნენ შეყრილნი, ღამე, ვახშმად დიდს დარბაზში ისხდენ. შუა ლხინის დროს ქართველთ მგალობლები წარმოაყენეს და იგალობეს, როგორც მეჯლიშის რიგია. რა ამათ დაასრულეს, მერეთ მცირე ხანს უკან სომხის ტერტერები წარმოაყენეს და დაიწყეს გალობა ასე მაღლა, რომ თითქმის ყოველნი მუნ მსხდომარენი მათმან ყვირილმან აწყინა.

 

რა ესე ვნახე, გაველ გარეთ და ეზოში ერთი ვირი ება, ავხსენ ის ვირი და, იმ დარბაზში რომ შემოვიყვანე და ეს ყვირილი მიესმა და მრავალი ანთებული სანთელი იხილა, შეშინდა ის ვირი და ასეთის ხმით მოჰყვა ღრიალსა, რომ ამ ტერტერეების ხმა სულ დაფარა. რა ესე იხილეს, ეს ტერტერეები კარში გამოვიდნენ. შექმნა ხალხმან სიცილი, და ბატონებმა. და ის ღამე ასეთის ლხინით გავატარეთ, რომ მნახავთათვის უკეთესი არღარა იქნებოდა. მეც ვიშოვე მაშინ კარგი ხალათი.

 

დადიანთან  ვიყავ ოდიშში და ერთმან თავადმან დაპატიჟა დადიანი, წაბრძანდა და მეც მიახლო, რომ ყოველთ უყვარდი მასხარაობისთვის.

 

და დადიანმან მიბრძანა: თუ გამამხიარულებ დღეს და ასეთს ხუმრობას იქმ რასმე, საცინელი იყოს, კარგს ცხენს გიბოძებო.

 

მე დიდად მიამა, მაგრამ ვფიქრობდი: რა უნდა ვიხუმრო, რაც ვიცოდი, ყოველი ვიმოქმედე და სხვა რა მოვიგონოო. ამ ფიქრში რომ ვიყავ, სადილიც მოითხოვეს. მიველ, დავსხედით. ერთი გვერდობიანი კარგი გორა იყო იქ. და რა სუფრა გაიშალა, ვნახე ღომის ხაბაზი მოდის და ერთი დიდი ქვაბი ღომი მოაქვს და პატარა ხის ნიჩაბი უჭირავს. შევხედე, რომ ეს მეღომე უნიფხვო იყო, რადგან ოდოშში ჩვეულებად აქვთ, პერანგი აცვიათ გძლად. და მოვიდა, ამოიღებს ამ ნიჩბით და აქეთ-იქით ურიგებს. რა ჩემთან მოვიდა და დამიდო ღომი მოხარშული ცხელ-ცხელი, გაბრუნდა და დაიკაკვა ღომის ამოსაღებად, აღვიღე ამჟამად ეს ცხელი ღომი და ამოუსვი უკან კაკლებსა და საჯდომზედა. ეს კაცი გამწოვდა, რომ ჯერ ერთი მაღლა შეხტა, ნიჩაბი იქ ვიღასაც თავში ჰკრა, ეს ქვაბი იმ თავდაღმართზედ დაუგორდა, და თითონაც დაფრინდა ამ თავდაღმართზედ წყლისათვის, და დაიძახა: „ასემც შენი სახლ-კარი დაგეწვის, რაგვარადაც მე დამწვი“. მაშინ წასქდათ სიცილი დადიანს და სხვათა და თქვეს: ამისთანა ხუმრობა არ ქნილაო. ნახევარი ხალხი უღომოდ დარჩა. და ასე ვილხინეთ იმ დღესაც.

 

ერთხელ კიდე ერთი იმერელი ვაკე იმერეთიდამ მოვიდა, და ჩემი ცოლი წყალზედ უნახავს, ყმაწვილი ქალი იყო და დია მოსწონებია. მოვიდა ჩემთან, კალოზედ ვიყავ, და მითხა: - ბატონო! ერთი ნამუსი მინდა გითხრა, თუ აღმისრულებ, ბარე კარგა გემსახურებიო.  უთხარ: - მითხარი!

 

მან იმერელმან მაჩვენეა ეს ჩემი მეუღლე და მითხრა: - ეს თუ გაუთხოვარი არის, აქ დავსახლდები და ამ ქალს ვითხოვ, თუ მომცემენ მისი დედ-მამა.

 

მე უთხარ: - ეგ ჩვენი მეზობლიანთ ქალია, ჯერ გაუთხოვარია, და, თუ შენახვა შეგიძლიან, მე გაგირიგებ-მეთქი. დაემხო ეს კაცი, და მადლობა მითხრა, და მითხრა: - შინაც ბევრი მაქვს და აქაცა მაქვს თან ასი ყურუში.

 

მე ვთქვი: „ფული მეჭირება და ეს არის ჩემი საქმე“. - უთხარ: - წავალ და ველაპარაკები შენს საქმეზედ იმ ქალის დედ-მამას.

 

დიაღ გულით შემეხვეწა, და წაველ. ეს იმერელი სხვაგან ერთს გლეხისას დავაყენე. წაველ ტყუილად და მცირე ხანს უკან მოველ და უთხარ: - დიდათ იამათ იმ ქალის დედ-მამას, და კიდეც ნება მოგცესთ. და ესეც შემოგითვალეს, თუ ქორწილი გინდა, ერთი ხელი ტანისამოსი უშოვე ამ ქალს და ჯვარს დაგწერთო.

 

რა ესე გაიგონა ამ იმერელმან, მაშინვე შეჯდა ცხენს, წავიდა გორსა და ერთი ხელი კარგი ტანისამოსი ეყიდნა. თითონაც ჩოხა გამოეცვალა და მესამე დღეს მოვიდა ჩემთან. გამოვართვი ყოვლიფერი, და სახარჯოდცა ოციოდ ყურუში, და უთხარ:

 

- ხვალ საღამოს უთუოდ ჯვარს დაგწერთ, ვინემ ეს ტანისამოსიც მოესწრობა. ავდექ მე და უთხარ:

 

- მე ატოცს მინდა გადავიდე, იქიდამაც სტუმრები მოვიყვანო და ჩემი ძმა მივუჩინე იმ ქალს, ეს გაჩვენებს და რიგსაც მოგცემს.

 

მე რა წაველ, გადაველ ბრეხას, წვერი მოვიპარსე, ბატონის ნაბოძები ხალათი ჩავიცვი, მაუდის ქუდი დავიხურე, ცხენს ყაჯარი გარდაუშალე. ორიოდ კაციც თან წამოვიყვანე და დავარიგე, რომ იმერელია აქ, და რა მე ჩემს სახლთან ჩამოვხდე, ცხენი გამომართვით, და იმერელმან, რომ გკითხოთ, ასე უთხარით: ეს ბატონის მსახურია და აქ თავის ცოლთან მოვიდა ქალაქიდამო.

 

რა ჩემს სახლთან მოველ, ვნახე - ის იმერელი გარეთ ეზოში ზის და ჩემს ძმას ელაპარაკება. გარდავხედ ცხენიდამ, ამ კაცებმან ცხენი ჩამომართვეს, იმერელს სალამი მივეც და უთხარ: აქ რასა იქთ-მეთქი?

 

მან მითხრა: ჩემი საქმე მაქვს.

 

ჩემს ძმასაც ვანიშნე, სხვაგან წავიდა და მე შინ მიველ. დედაკაცი წინ მომეგება, თოფი ჩამომართო, და აგრევე ჩემი წვრილი შვილები.

 

რა ეს იმერელმან იხილა, უთხრა ჩემთან მოყოლილ კაცებს: ბატონო, ეგ ქართველი აზნაური ვინ არის, რომ ჩემს დანიშნულთან ასე კადნიერად შევიდაო.

 

მათ უთხრეს: რას ანბობ, იმერელო, ეს მეფის მსახურია და ამ თავის ცოლთან მოვიდა ქალაქიდამ, და ეს ყმაწვილებიც იმის შვილია.

 

ი მ ე რ ე ლ ი: მართალს უბნობთ, თუ მაბრიყვებთ?

 

მ ა თ  კ ა ც თ: არა, ჭეშმარიტად, რომ მაგ კაცის ცოლია.

 

ი მ ე რ ე ლ ი: ვაი ჩემს თავს, აკი დამაფსო ვინცაღა ცრუ ქართველი იყო! - და შესჩივლა, როგორც საქმეს გაევლო.

 

მათ უთხრეს: ის კაცი ერთი ცრუ სომეხი არის, ბევრი შენისთანა მოუტყუებია, რატომ მიეცი მაგდენი თეთრი და საქონელი და არავის ჰკითხე? ახლავ წადი და გაუდეგ უკან, ეგება მოახელო სადმე.

 

იმერელმან თავში ხელის ცემა შექმნა და ტირილი. ამჟამად გამოველ და უთხარ: - ძმაო, რა გატირებს?

 

მან იმერელმან მცირე შემომჩივლა, ვითარცა სხვათა.

 

მეც უთხარ: - ის ასეთი ცრუ კაცია, რომ ბევრი მაგგვარი საქმე უქნია და ახლავე გაუდეგ, ეგება გორს მოახელო.

 

ავიღე და ხუთი აბაზიც ვაჩუქე: - ეს დახარჯე, გორში მუქთად პურს არავინ გაჭმევს. თუ ის სომეხი მოახელო, ვაჭარი სომეხი ხომ ბევრი დადის ქუთაისს, იმათ წაართვი, რაც დაგხარჯვია.

 

იმერელმან დამლოცა, ხელზედ კოცნა მოინდომა და მითხრა: - რა კარგი ქრისტიანი ყოფილხარ.

 

ორიოდე პურიც ვაჩუქე და მადლობელი გავისტუმრე.”

0

ავტორი: