„საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები“ - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია „საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები“ - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია />


  00:48:30     09-10-2017

„საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები“ - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია

a72134.jpg

რეზოლუცია, რომელსაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა იღებს, ასამბლეის მიერ ევროატლანტიკური და გლობალური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობის აღიარებით იწყება. 

ასამბლეა ამბობს, რომ ალიანსმა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან დიალოგი და თანამშრომლობა გამჭვირვალობის, ურთიერთშევსებისა და ინკლუზიურობის პრინციპებზე დაყრდნობით უნდა აწარმოოს. 

რეზოლუციის პროექტში წერია: 

„ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რეგიონში სიტუაციის დაძაბვის გამო, რაც განსაკუთრებით გამოიწვია რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო და არალეგიტიმურმა ანექსიამ, ისევე როგორც საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის გაგრძელებამ. 
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება ლიდერების მიერ აღებულ ვალდებულებებს, რომ მათ მიიღონ შესაბამისი ზომები შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, გააძლიერონ დიალოგი ალიანსის პარტნიორებთან, საქართველოსთან და უკრაინასთან“. 
რეზოლუციის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების დარღვევას, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დაშინებისა და დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობებს იმ მეზობელ სახელმწიფოებში, რომლებსაც ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ახლო კონტაქტი სურთ. 

ამასთან, ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოებაზე სტრატეგიული დიალოგის გაგრძელებას და საქართველოს შემდგომ გაძლიერებულ ჩართულობას ნატოს აქტივობებში, რაც მიზნად ისახავს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას. ასამბლეა ადასტურებს მხარდაჭერას იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებების, რაც ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაციისთვის შემდგომ ნაბიჯებს სჭირდება. 

„ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწვეტილებას, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები და მივესალმებით წევრობისთვის მომზადების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ასევე ვაღიარებთ, რომ საქართველოს წევრობა ხელს შეუწყობს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. მათ შორის შავი ზღვის რეგიონში. 

კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსა და უკრაინის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“,- აღნიშნულია რეზოლუციაში. 

ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს საჯარისო ნაწილები საქართველოს ტერიტორიებიდან, სამხრეთ ოსეთიდან, აფხაზეთიდან და ითხოვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას. 

ასამბლეა მოუწოდებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, რომ გამოიყენონ ყველა შესაძლებელი პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალება შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის დეესკალაციისთვის. 
რეზოლუციის პროექტში საუბარია რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე. შეშფოთებაა გამოთქმული რეგიონის ნაწილში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების და კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით არსებული ვითარების გამო, რაც ასამბლეის აზრით, აისახება რეგიონალურ უსაფრთხოებაზე. 

ასამბლეა მიესალმება საქართველოსა და უკრაინის რეფორმებს და მათ მიერ მიღწეულ შესანიშნავ პროგრესს. ადასტურებს საქართველოს და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერას. 

რეზოლუციის პროექტი “სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში” გერმანელმა დეპუტატმა ულა შმიდტმა მოამზადა. პროექტზე დეპუტატებმა ბუქარესტში ორი დღე იმსჯელეს. დღეს რეზოლუციის პროექტში შესატან ცვლილებებზე კომიტეტის სხდომა გაიმართა და პროექტსა ცვლილებებსაც კენჭი უყარეს. 0

ავტორი: