13:54:54     06-10-2017
„ეს გემრიელი ნამცხვარი არა ოპოზიციისთვის ან პრეზიდენტისთვის, არამედ ხალხისთვის გამოვაცხვეთ“

„ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ ჩვენ გემრიელი ნამცხვარი გამოვაცხვეთ, მაგრამ არავის სურს მისი ჭამა. ოპოზიციური პარტიებისთვისაც და პრეზიდენტისთვისაც მარტივი პასუხი გვაქვს: ჩვენ ეს გემრიელი ნამცხვარი არა ოპოზიციური პარტიებისთვის ან პრეზიდენტისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის გამოვაცხვეთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ქართულ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის მიუღწევლობასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წუხილს.
„ვენეციის კომისია ამბობს, რომ წუხს, რათა ფართო კონსენსუსი არ იყო მიღწეული. ჩვენც ასევე ვწუხვართ აღნიშნულთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესი იქნებოდა თუ კონსენსუსი მიღწეული იქნებოდა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის. ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციაშია 2014 წლიდან, მხარს არ უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ ჩვენ გემრიელი ნამცხვარი გამოვაცხვეთ, მაგრამ არავის სურს მისი ჭამა. ოპოზიციური პარტიებისთვისაც და პრეზიდენტისთვისაც მარტივი პასუხი გვაქვს: ჩვენ ეს გემრიელი ნამცხვარი არა ოპოზიციური პარტიებისთვის ან პრეზიდენტისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის გამოვაცხვეთ. საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ დემოკრატიის ძლიერი გარანტიებით, კანონის უზენაესობით, ადამიანის უფლებების დაცვით, ძლიერი პარლამენტით, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობით, ადგილობრივი თვითმმართველობით. კონსტიტუცია აუმჯობესებს დემოკრატიის სტანდარტებს და კანონის უზენაესობას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0