14:33:05     05-10-2017
კახა კუჭავა: ვისაც როდის მოუნდება, მაშინ ააგორებს სკანდალს

თაბორის მთაზე განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით ყველანაირი გეოლოგიური დასკვნა არსებობს და პროექტის განხორციელება სტანდარტების შესაბამისად მოხდება.
ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ "პრესა.ჯის" თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, მალე თაბორის მთაზე წარმოუდგენელი მასშტაბის პროექტი განხორციელდება:
-პროექტი, თავისი მოცულობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი გახდება. ის ფაქტორი, რომ თანაინვესტირების ფონდი ასოცირებულია ბიძინა ივანიშვილთან, ოპონენტებისთვის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს, წინასაარჩევნოდ თემით სპეკულირება მოახდინონ, მაქსიმალურად იყვირონ, ქულები დაიწერონ და მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოპონენტები წინასაარჩევნოდ ყველანაირ უმსგავსო ხერხს იყენებენ, რათა მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ და ისეთი ტყუილები თქვან, რაც ფიზიკურად ვერ დაიმალება. საუბარია პუშკინის სკვერის გასხვისებასთან დაკავშირებით და ფაქტია, რომ სკვერი, რომელზეც ლაპარაკობენ, აბსოლუტურად არ არის იმ გადაწყვეტილების ნაწილი, რომელიც თბილისის საკრებულომ მიიღო.
-პოლიტიკური ბრალდებების მთავარი საგანი პუშკინის მიმდებარე ტერიტორიის სიმბოლურ ფასად გაყიდვა იყო, რომელიც საზოგადოებამ სხვადასხვა ინტერპრეტაციით გაიგო. გახდა თუ არა ეს ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის საკუთრება?
-თავიდანვე არასწორად იქნა საზოგადოებამდე ინფორმაცია მიტანილი, თითქოს პუშკინის სკვერი გაიყიდა, რაც აბსოლუტურად იაფფასიანი ტყუილია და თვითონაც მშვენივრად იციან, რომ ტყუილი მაქსიმუმ ორდღიანი შეიძლება იყოს. სიმართლე ის არის, რომ საუბარი ეხება პუშკინის სკვერის მიმდებარედ უკვე არსებულ ავტოსადგომს, სადაც სადგომების გარკვეული რაოდენობა უკვე არსებობს და საუბარია, ამ რაოდენობის გაზრდაზე. არსებული ავტოსადგომი არანაირად არ ეხება პუშკინის სკვერს, იმ ავტოსადგომის მეტად განვითარება სულ სხვა რამეს გულისხმობს.
-აქ აქცენტი კეთდება ბიძინა ივანიშვილისთვის საკუთრებაში გადაცემას...
-პოზიციაც და ოპოზიციაც თანხმდება - ეს იმდენად წამგებიანი ბიზნესია ცალკე აღებული, რომ აუცილებელია, წაახალისოს მთავრობამ, ამ შემთხვევაში თბილისის მერიამ იმისათვის, რომ ვიღაცამ შეძლოს და დაიწყოს ზოგადად პარკირების ბიზნესის კეთება. საქმე ეხება იმას, რომ 10 ადგილი, რომელიც გამოიყო, მოხდება ყველას სიმბოლურ ფასად გადაცემა, ოღონდ მათ ააშენონ პარკირების ადგილები. იგივე პრინციპი იქნა გამოყენებული ამ შემთხვევაშიც. რადგან აქ ადგილების ღირებულება იქნება საჯარო მომსახურებისა და საჯარო ხელმისაწვდომობაზე გათვლილი, ამისთვის მოხდა მისი სიმბოლური ფასით მიცემა ინვესტიციისთვის.
-როგორც ოპონენტები აცხადებენ, ამ მშენებლობისთვის ეკოლოგიური და სხვა საექსპერტო დასკვნები არ არსებობს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
-ზუსტად, ამაზე გამიჩნდა პირველი შეკითხვა და იგი უკავშირდებოდა გეოლოგიას. როდესაც მსგავს პროექტს აკეთებ, აუცილებელია გქონდეს ზუსტი გეოლოგიური დასკვნა, რომ მშენებლობა გეოლოგიური თვალსაზრისით ნებადართულია. დასკვნა კომპანიის წარმომადგენლებმა ერთ დღეში წარმოადგინეს, რომელიც მანამდე უკვე არსებობდა. როგორც წესი, შესაბამისი ორგანო კითხულობს გეოლოგიურ დასკვნას და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას. გეოლოგიური დასკვნა კომპანიას აქვს არა მხოლოდ ავტოსადგომზე, არამედ მთლიან ტერიტორიაზე. ეკოლოგიური თვალსაზრისით, აბსოლუტურად სიმართლეს არ შეესაბამება მოსაზრება, რომ რამე გაუარესდება, რადგან არცერთ ნარგავს არ ეხება ის ტერიტორია, რომელიც არის შემოხაზული. გადაცემაში მოიაზრება ასფალტირებული ადგილი, რომელიც მანამდე უკვე გამოიყენებოდა.
-შეიძლება ითქვამს, რომ სკანდალი "თაბორის მთასა" და ავტოსადგომზე ამოწურულია?
-ეს ჩვენი განსახილველი საკითხი არ არის და სკანდალი ამოწურულია თუ არა, ალბათ საკრებულოში ეცოდინებათ. ვისაც როდის მოუნდება, მაშინ ააგორებს სკანდალს და მე წინასწარ პასუხს ვერ გაგცემთ.
0