ლიბიაში “გარეული ბატების” ხელმძღვანელი მოკლეს ლიბიაში “გარეული ბატების” ხელმძღვანელი მოკლეს />


  10:45:12     16-05-2011

ლიბიაში “გარეული ბატების” ხელმძღვანელი მოკლეს

a5953.jpg

ლიბიელმა ამბოხებულებმა ფრანგული სამხედრო კომპანიის თანამშრომელი მოკლეს. კომპანია “სეკოპეკსის” ხელმძღვანელი და დამფუძნებელი ბენღაზიში, ლიბიელ ამბოხებულებთან საბრძოლო შეტაკებისას დაიღუპა, ხოლო მისი თანხმლები პირები დაპატიმრებულ იქნენ. ამის შესახებ სააგენტო “ფრან-პრესი” იტყობინება.

როგორც თავად ამბოხებულები აცხადებენ, ფრანგი სპეცრაზმელის ლიკვიდაცია და მისი თანამოაზრეების დაპატიმრება უსაფრთხოების ძალების ოპერაციის ნაწილი იყო. საფრანგეთის მოქალაქეები უკვე დიდი ხანია იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ და მათი ქმედებები ლიბიის რევოლუციას საფრთხეს უქმნიდა.

დაღუპული 48 წლის პიერ მარზიალია, რომელიც საფრანგეთის არმიაში, სადესანტო განყოფილებაში 2007 წლიდან მსახურობდა. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, ის მოქმედებდა ისეთ ცხელ წერტილებში, როგორიცაა ჩადი, ლიბანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, რუანდა, ყოფილი იუგოსლავია და სხვა. ტელეარხ “ფრანს24”-ის მონაცემებით, მარსიალის ფირმა დაქირავებული მებრძოლების, “გარეული ბატების” მომზადებით იყო დაკავებული, რომელთაც აფრიკაში სხვადასხვა ოპერაციებში აგზავნიდნენ. ლიბიაში კი მარზიალი ჯაშუშობაში ეჭვის მიტანის შემდეგ მოკლეს.

ამ დროისათვის, ფრანგი დიპლომატები ბენღაზიში, თავიანთ დაპატიმრებულ თანამემამულეებთან შეხვედრას ცდილობენ. ნამდვილად უქმნიდა თუ არა საფრთხეს მოკლული ლიბიის რევოლუციას და ჯაშუშობდა, თუ ეს, უბრალოდ, ამბოხებულებმა თავის გასამართლებლად მოიგონეს, რათა ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურის მოკვლის გამო პასუხისგებას გაექცნენ, უცნობია. ერთი რამ კი ცხადია, ისეთი კომპანია, როგორსაც მარზიალი ფლობდა, შეუძლებელია წარმატებული ყოფილიყო, მას ფრანგულ სპეცსამხაურებთან კავშირი რომ არ ჰქონოდა.

0

ავტორი: