23:29:57     03-10-2017
კახა კალაძე: ჩვენი დედაქალაქი არ ჩამოუვარდება არც ერთ განვითარებულ ქალაქს

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების პრეზენტაცია გამართა. კალაძის თქმით, ეკონომიკის პოლიტიკის ძირითადი მიზანი ქალაქის ეკონომიკის მდგრადი და დინამიური განვითარებაა, რაც თავისთავად, ხელს შეუწყობს ქალაქისა და მოქალაქეების შემოსავლის ზრდას.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას მაქსიმალურ ყურადღებას ადგილობრივების დასაქმებას დაუთმობს.
კალაძე აღნიშნავს, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე 500 მილიონი ლარი დაიხარჯება და ის მიიჩნევს, რომ ამის შემდეგ, იმ ადგილას საცხოვრებელი ფართების ღირებულება, სულ მცირე, გაორმაგდება.
მისივე თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელებით თბილისი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება და ეს ბიუჯეტის ზრდაზეც აისახება.
მერობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეკონომიკისთვის ღამის თბილისის განვითარება მნიშვნელოვანია.
„ეს არის სიახლე. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებას დიდი ყურადღება ეთმობა. სამწუხაროდ, ბევრმა ადამიანმა არასწორად გაიგო მისი მნიშვენლობა.
ჩვენი დედაქალაქი არ ჩამოუვარდება არც ერთ განვითარებულ ქალაქს, ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ თბილისი იყოს გამორჩეული ქალაქი რეგიონში“, - ამბობს კალაძე.
0