14:59:05     03-10-2017
რომან გოცირიძე: ტაძრამდე რომ მივალთ, სანთელი რა ეღირება და ლარის კურსი რამდენი იქნება მაშინ?

პარლამენტი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს. უკვე განისაზღვრა საპარლამენტო კომიტეტებში ბიუჯეტის პროექტის განხილვის გრაფიკი. წიანსწარი ინფორმაციით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და 12 მლრდ 298 მლნ ლარს შეადგენს.
საკომიტეტო განხილვების დაწყებამდე "პრესა.ჯი" საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძეს ესაუბრა:
- 2018 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენელთა მხრიდან კრიტიკა უკვე გამოითქვა. იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტი მოცულობა გაზრდილია, თქვენ რა არ მოგწონთ?
-გუშინ განაცხადეს, რომ ამ ბიუჯეტს მივყავართ ტაძრისკენო. მინდა, შევეკითხო ტაძრამდე რომ მივალთ, სანთელი რა ეღირება და ლარის კურსი რამდენი იქნება მაშინ? აბსოლუტურად სხვა რეალობის წინაშე დგას ქვეყანა და ადამიანი. ბიუჯეტი რაც არის წელს წარმოდგენილი, ჩათვალეთ, რომ ეს არის გადასაგდები ქაღალდი. გაუფასურებული ლარი ნიშნავს დეზორგანიზაციას ოჯახებში, ქვეყანაში, აზროვნებაში, ნიშნავს პრობლემებს და ამ რეალობის წინაშე ვდგავართ.
-თქვენი კოლეგები უკმაყოფილებას ძირითადად სოციალურ ნაწილთან დაკავშირებით გამოთქვამენ. თქვენ კონკრეტულად რა შენიშვნები გაქვთ?
-შეიძლება ხმამაღლა ვთქვათ, რომ ქვეყანა ვალებში იძირება. 2 მილიარდით იზრდება ქვეყნის საგარეო და საშინაო ვალი. ბიუჯეტის ხარჯები წინა წელთან შედარებით, იზრდება 950 მილიონით და ამ თანხაში არ მოიძებნა არცერთი თეთრი პენსიონერებისთვის, მასწავლებლებისთვის. რაც მთავარია, ეს ფული დაქსაქსულია უამრავ, არაეფექტურ ხარჯებზე. ხარჯების უზარმაზარი ზრდა რეალურად არ აისახება ქვეყანაში სიღარიბის შემცირებაზე. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ბიუჯეტი არის ისევე როგორც წინა ხუთი ბიუჯეტი, ქვეყანაში არასტაბილურობის შემქმნელი. კვლავ დიდია დეფიციტი და კვლავ არის გაწეული ისეთი ხარჯები, რომელიც საბოლოო ჯამში ვერ იმოქმედებს ფასების სტაბილურობასა და ლარის სტაბილურობაზე. სამწუხაროდ, მთავრობამ შემოიტანა ბიუჯეტი, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის.
-ეკონომიკური ზრდის პარამეტრი არც ისე ცუდად გამოიყურება...
-რაც შეეხება მთავარ პარამეტრს, რომ ეკონომიკა იზრდება 4-5%-ს შორის, ამნაირი ზრდით, საქართველო ათეული წლები იქნება მაჩანჩალა ქვეყანა, ვიქნებით იმ სიღარიბეში, როგორც ვართ ახლა. მთავარი პრობლემა ბიუჯეტი კი არ არის, არამედ არის ის ეკონომიკური შეცდომები და დაბალი ეკონომიკური ზრდაა, რაც ქმნის იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანამ ისესხოს უზარმაზარი ვალები. უნდა შეჩერდეს ვალებით ცხოვრება. ეს ბიუჯეტი და ეს ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს.
-სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალმა უფროსის მიერ გატარებული პირველი საკადრო ცვლილებები უკვე გახდა კრიტიკის საგანი და ითქვა, რომ ორი მოადგილის თანამდებობიდან გაშვება ირაკლი მექვაბიშვილის მიერ ხელისუფლების მაამებლური მოღვაწეობის დასაწყისია. თქვენ როგორ ფიქრობთ?
-სამწუხაროდ, აუდიტის ახალმა ხელმძღვანელმა თავისი პირველი ნაბიჯების გადადგმა არასწორად დაიწყო. თანამდებობიდან გაათავისუფლა ის მოადგილე, რომელიც არ უნდა გაეთავისუფლებინა და დატოვა ის, რომელიც არ უნდა დაეტოვებინა. ვნახოთ, ორი მოადგილის ადგილზე ვის მოიყვანს და ამის მიხედვით შეგვეძლება ვთქვათ, იყო თუ არა მისი პირველი ნაბიჯი მცდარი.
0