12:36:39     03-10-2017
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი: თურქეთს აღარ სურს ევროკავშირში გაწევრიანება
თურქეთს აღარ სურს ევროკავშირში გაწევრიანება, - ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა.
როგორც თურქეთის ლიდერმა თქვა, ევროკავშირი თურქეთთან სხვადასხვა სფეროში სათანადოდ არ თანამშრომლობს. მათ შორის ერდოღანმა ტერორიზმთან ბრძოლაც დაასახელა.
„თურქეთს აღარ სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ თუ ევროკავშირს მართლაც სურს რეალურ წინსვლას მიაღწიოს, მან უნდა მისცეს თურქეთს წევრობა, რადგან სწორედ ამ გზით შეიძლება ევროკავშირმა ეკონომიკურ და კულტურულ გაფართოებას მიაღწიოს", - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის და ევროკავშირის ურთერთობები 1959 წელს დაიწყო. თურქეთის ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ დიალოგი ბრიუსელმა 2005 წელს წამოიწყო, თუმცა 2007 წელს, კვიპროსის საკითხზე უთანხმოების გამო მოლაპარაკებები ფაქტობრივად შეჩერდა.
0