18:16:52     02-10-2017
გია ვოლსკი: "ნაციონალები" მგონი, ცუდად ათამაშებენ ამ ტრიუკს

"პრესა.ჯი" პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის ესაუბრა:
-იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტს შენიშვნებისთვის კიდევ დრო აქვს, შედგება თუ არა უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებები ამ ვადის ამოწურვამდე?
-ჩვენ ყოველდღე ველოდებით, რომ პრეზიდენტს რაღაცის სურვილი ექნება, დროს და ადგილს მიგვითითებს და შევხვდებით. არგუმენტები, რომელიც გაგვაჩნია, საკმაოდ დამაჯერებელია და ამ არგუმენტების უკან მხოლოდ ჩვენ არ ვდგავართ. ეს არგუმენტები გათვალისწინებულია საკმაოდ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და კარგი იქნება, რომ პრეზიდენტმაც მოისმინოს. ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც ვეტოს ველოდები. ვენეციის კომისია საკმაოდ მკაფიოდ აყალიბებს ერთ ძალიან საინტერესო ფორმულირებას: მართალია, გულდაწყვეტას იწვევს პროპორციული არჩევნების 2024 წლისთვის გადადება, მაგრამ ბლოკების დაშვება და საარჩევნო ბარიერის შემცირება ამ ყველაფერს აბალანსებს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ დადებითი შეფასება აქვს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ. აი, აქედან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ, თორემ პრეზიდენტი რომ დაპირისპირებულია უმრავლესობასთან, ჩვენ მის ვეტოს დავძლევთ თუ არა, ან რა ეპითეტებს გამოვიყენებთ ერთმანეთის მიმართ, ეს არის მეათეხარისხოვანი თემა.
-როდესაც პრეზიდენტი პორტუგალიიდან დაბრუნდება, ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ მმართველ გუნდს, ან ირაკლი კობახიძესა და გიორგი მარგველაშვილს შორის, ერთი ერთზე, პირისპირ შეხვედრა შედგება?
- ერთი ერთზე იქნება თუ ჯგუფი-ჯგუფთან, მე ყველანაირი შეხვედრის მომხრე ვარ. მოლაპარაკების იდეა ყოველთვის კარგია და დაპირისპირებას სჯობს. არა მგონია, რომ პრეზიდენტის ინტერესებში შედიოდეს გინდა ღია და გინდა დახურულ შეხვედრაზე მოსმენა ისეთი არგუმენტებისა, რომლის საწინააღმდეგოდ, დიდი ალბათობით დამაჯერებელი კონტრარგუმენტები არ ექნება.
-"პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვურ ვიზიტთან დაკავშირებით რა პოზიცია გაქვთ, უმრავლესობის მხრიდან იგნორირების გარდა, რა მექანიზმი შეიძლება იქნას გამოყენებული, რომ პარტიული ვიზიტების სერია ოკუპანტ ქვეყანაში შეჩერდეს?
-არსებობს მექანიზმი, რათა აიკრძალოს პარტიების აქტივობები კონკრეტული მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მათი დღის წესრიგი და საზოგადოებამ საარჩევნო ურნებთან უნდა გადაწყვიტოს ამა თუ იმ პარტიის საქციელის შეფასების საკითხი.
-აუდიტის სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა, რომელიც ანგარიშვალდებულია პარლამენტთან, პოსტებიდან გაათავისუფლა მისი მოადგილეები, ნოდარ ჯავახიშვილის გარდა. ოპოზიციაში მიუთითებენ, რომ ირაკლი მექვაბიშვილის მიმართ ხელისუფლება ლოიალურად არის განწყობილი და შესაბამისად, ხელისუფლების დაკვეთების შესრულება უკვე დაიწყო. თქვენ როგორ ფიქრობთ?
-მე ვერ ვიტყოდი ასე. ჩვენ საერთოდ არ ვიცით ნინო ლომჯარიას სამსახურიდან წასვლის მიზეზი და ჯერ მას მოვუსმინოთ. რასაკვირველია, ახალი ხელმძღვანელი სტრუქტურაში რაღაც გადახალისებაზე ფიქრობს, მაგრამ როგორც ინფორმაცია გავრცელდა, ნინო ლომჯარია თავად წავიდა პოსტიდან...
-ნოდარ ჯავახიშვილზე რას იტყვით, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ახლო მეგობრობით არის ცნობილი?
-ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობა არაფერ შუაშია, რადგან აქ კომპეტენციას ესმება ხაზი. გარკვეული გუნდი ბიძინა ივანიშვილის გარშემო ვიყავით, როცა ის პოლიტიკაში იყო, ახლაც ჩვენი ურთიერთობები ადამიანური თვალსაზრისით ნორმალურია და ეს არანაირად არ განაპირობებს ჩემი კომპეტენციის შეფასების კრიტერიუმს, დადებითი იქნება თუ უარყოფითი.
-"ნაციონალური მოძრაობის" მიერ მერიის შენობასთან გამართული აქცია, რომლის ლოზუნგი იყო "1 ლარად თბილისს ბიძინა ივანიშვილს არ დავუთმობთ", სამართალდამცავებისა და აქციის მონაწილეების ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. როგორ ფიქრობთ, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე?
-ეს წინასაარჩევნო ტრიუკია, "ნაციონალები" მგონი, ცუდად ათამაშებენ ამ ტრიუკს. ასე მგონია, რომ რაც უფრო მეტი ბიზნესმენი ქართველი გამოჩნდება, რომელიც თბილისის გარკვეულ უბნებს დაამშვენებს, გააძლიერებს, მზად უნდა ვიყოთ რომ ამ ბიზნესმენებს საშუალება მიეცეთ. მითუმეტეს, რომ უამრავი კარგი გამოცდილება გვაქვს, ბოტანიკური ბაღის გადარჩენიდან დაწყებული, უამრავი საქველმოქმედო აქციებით დასრულებული. თუკი ჩვენ ავტოსადგომებს მოვისაკლისებთ, რომლის ასაშენებლად გარკვეული გადაწყვეტილებებია მისაღები, რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. თავის დროზე, "სითი პარკთან" დაკავშირებით მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რამაც ხალხი ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა, ახლა იგივე ხალხი გამოდის და ამბობს, რომ პარკინგის პრობლემა, რომელიც ქალაქს გააჩნია, არ უნდა მოიხსნასო, რადგან ამას გარკევეული პიროვნება აკეთებს და არა, მაგალითად მიშა სააკაშვილი. ვფიქრობ, რომ ეს არის სერიოზული თვალთქამქცობა და ალბათ, ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რაც სავარაუდოდ, ნაკლებად გამოუვათ.
0