09:36:05     02-10-2017
რა ხდება კატალონიაში? რეფერენდუმს ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან
კატალონიაში 1 ოქტომბერს ჩატარებულ დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ რეფერენდუმში მონაწილე მოქალაქეების 90%-მა მხარი რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა.
ესპანეთის ხელისუფლება ყველანაირად შეეცადა პროცესისი ჩაშლას, რაც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად სულ ცოტა 800 ადამიანი დაშავდა.
როგორც კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელმა კარლეს პუჩდემონმა სპეციალურ ტელემიმართვაში განაცხადა,-„კატალონიელებმა მოიპოვეს სუვერენიტეტის უფლება“.
რეფერენდუმს ცნობილი ადამიანებიც გამოეხმაურნენ, მაგალითად: მწერლები, მსახიობები, სპორტსმენები. ისინი ძირითადად ესპანეთის პოლიციის ქმედებებს გმობენ.
ბრიტანელმა მწერალმა, პოტერიადას ავტორმა ჯოან როულინგმა მადრიდის ქმედებებს "ამაზრზენი" და "გაუმართლებელი" უწოდა.
მწერალი ლიზ კასტრო ესპანური მხარის განცხადებებს გამოეხმაურა: „ესპანეთის ხელისუფლება კატალონიას ადამიანების ფარად გამოყენებაში სდებს ბრალს. არადა, თავიდანვე სწორედ ადამიანებს უნდოდათ ხმის მიცემა“. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლიციის ქმედებებს კატალონიაში უწოდა "უსიამოვნო", მაგრამ "პროპორციული".
მსახიობი მარკ ზამიტი: „პოლიციის აგრესია კატალონიის რეფერენდუმზე მიუღებელია, ფორმა არავის აძლევს ასეთი მოქმედების უფლებას".
სლოვენიელი კალათბურთელი, NBA-ის და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ბოშტიან ნახბარი: „შოკში ვარ მას შემდეგ, რაც კატალონიაში მომხდარი ვნახე. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ბარსელონაში მსგავსი ხარისხის სისასტიკე შესაძლებელი იყო“.
0