13:01:41     29-09-2017
წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მე-2 შუალედურ ანგარიშის მიხედვით, დარღვევებისა და ზეწოლის ფაქტები გაზრდილია

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მე-2 შუალედურ ანგარიშის მიხედვით, დარღვევებისა და ზეწოლის ფაქტები გაზრდილია. ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 5 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 13, ძალადობრივი ქმედების 2, წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის 4, აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობის 9, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 3, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1 და სააგიტაციო მასალების დაზიანების 4 შემთხვევა დაფიქსირდა.
წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებული ტენდენციის სახით გამოიკვეთა საოლქო საარჩევნო კომისიებში ინტერესთა კონფლიქტის ფაქტები. კონკრეტულად, საყურადღებოა პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრების შემთხვევაში ისეთი ფაქტები, სადაც საოლქო კომისიის წევრის ოჯახის წევრები ამ არჩევნებზე კანდიდატები არიან.
გამოვყოფდი ასპინძის შემთხვევას. ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი სექტემბრის დასაწყისში ახლად არჩეულია, თუმცა მისი მეუღლე ასევე სექტემბრის დასაწყისში, ამ არჩევნებზე მმართველი გუნდის კანდიდატად აირჩიეს. ეს ცალსახად ინტერესთა კონფლიქტის ფაქტია, თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის და ხობში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესაც ანალოგიური ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
პროფესიული წევრების შემთხვევაში, ნეიტრალიტეტის დაცვა მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ ინტერესთა კონფლიქტის მსგავსმა ფაქტებმა შესაძლოა საფრთხე საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობას შეუქმნას. ცესკო-ს ადეკვატური რეაგირებისკენ მოვუწოდებთ.
საყურადღებოა ზეწოლა-მუქარის რამდენიმე შემთხვევა. მაგალითად ოზურგეთში 10 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ” გურიის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა. ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ მოქალაქეები, მათ შორის ,საჯარო მოხელეები სამარშუტო ტაქსებით ჩამოიყვანეს და რამდენიმე ასეთმა პირმა დამკვირვებელთან საუბრისას განაცხადა, რომ ისინი იძულებით წამოიყვანეს“, - განაცხადა ბენიძემ.
0