12:22:08     28-09-2017
ოპოზიციის ბრალდებები - ეს აღარ არის უკვე "ქართული ოცნება", ეს არის კლანური მმართველობა
ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ არაკვალიფიციური კანდიდატების შერჩევაში ადანაშაულებს.
მათი განცხადებით, მმართველი პარტია გუნდის დაკომპლექტებისას, მხოლოდ ნეპოტიზმით ხელმძღვანელობს.
"ეს არის მაფიოზური კლანი, რომელსაც ბატონი კალაძე თბილისში დაამკვიდრებს და თბილისელებმა ამას უარი უნდა უთხრან. ეს აღარ არის უკვე "ქართული ოცნება", ეს არის კლანური მმართველობა," - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის” თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა.
ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სიით მონაწილეობას ნასამართლევი პირებიც მიიღებენ. „ენმ“-ის წევრები ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული დავით ნეფარიძის საქმეს იხსენებენ.
ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია პროვოკაციული ინფორმაციის გავრცელებით, ამომრჩეველზე ზემოქმედებას ცდილობს.
„ჩვენ დღეს ვნახეთ მორიგი ცუდი პროვოკაცია და ჭორი, თითქოს ვიღაცა ბაჩო ახალაიას ციხის პირობებში მუშაობდა და აღმოჩნდა, რომ ეს იყო ტყუილი და ის ადამიანი, რომელიც ჩვენი სიის შემადგენლობაში არის, მანამ მუშაობდა იმ სისტემაში, ვიდრე იქ საერთოდ მივიდოდა ბაჩო ახალაია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ასეთ პროვოკაციას კიდევ ველოდებით, მაგრამ მთავარია, რომ საზოგადოება როდესაც იგებს სიმართლეს, ის აბსოლუტურად ადეკვატურია და ჩვენ არჩევნებზე გვექნება ძალიან წარმატებული შედეგები,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
0
ავტორი: