15:48:07     27-09-2017
პრეზიდენტი მზად არის ირაკლი კობახიძის შეთავაზება მიიღოს

პრეზიდენტი მზად არის, საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზება მიიღოს, თუმცა ეს ტექნიკურ ჩასწორებას არ ეხება.
საპარლამენტო უმრავლესობის სახელით პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი მარგველაშვილს შესთავაზა საპრეზიდენტო ვეტო კონსტიტუციის მხოლოდ 2 პუნქტისთვის დაედო, რომელიც საარჩევნო ბლოკების აკრძალვას და ე.წ. ბონუსების სისტემას ეხება.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის თხოვნისა და ინიციატივის გათვალისწინებით, პრეზიდენტი უმრავლესობას და ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც პროცესებში ჩართული იყო, კონსულტაციების გამართვას სთავაზობს.
„ვინაიდან პრეზიდენტის მიზანი ყოველთვის იყო კონსტიტუციის მიღება საერთო თანხმობით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის მმართველი პარტიის თხოვნის საფუძველზე, მათივე ინიციატივის განსახილველად, "ქართულ ოცნებას" და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, ხვალ 16 :00 საათზე სთავაზობს კონსულტაციების გამართვას პრეზიდენტის სასახლეში," - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
„ჩვენ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში ვიმოქმედებთ, ყოველგვარი პოზიციის დაფიქსირების გარეშე. ეს არის ჩვენი შეთავაზება, რომ ამ ორი ნაწილის მიმართ გამოიყენოს პრეზიდენტმა ვეტოს უფლება. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში კონსტრუქციულ პოზიციას გამოავლენს და ასეთი ფორმით გამოიყენებს ვეტოს უფლებას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მათ ძალიან კარგი კონსტიტუცია მიიღეს და პრეზიდენტის მისამართით პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებას მხარს უჭერენ.
0