12:49:42     27-09-2017
ირაკლი კობახიძეს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი გამოავლენს კონსტრუქციულ პოზიციას და მის შეთავაზებას დათანხმდება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი გამოავლენს კონსტრუქციულ პოზიციას და მის შეთავაზებას დათანხმდება.
„ეს არის ჩვენი შეთავაზება, რომ ამ ორი ნაწილის მიმართ გამოიყენოს პრეზიდენტმა ვეტოს უფლება. იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამ შემთხვევაში გამოავლენს კონსტრუქციულ პოზიციას და სწორედ ასეთი ფორმით გამოიყენებს ვეტოს უფლებას. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, თქმით, დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს საკონსტიტუციო ცვლილებებს, თავად პრეზიდენტის გადასაწყვეტია.
გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და მხოლოდ იმ შენიშვნების ასახვა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების ბონუსების სისტემის გაუქმებასა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება.
„ბონუსის გაუქმებასა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას რაც შეეხება, ამას ესაჭიროება ახალი კანონპროექტის ინიცირება და ეს პროცედურა დაიწყება აუცილებლად მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება ეს საკონსტიტუციო ცვლილებები. თუმცა არსებობს ერთი ალტერნატივა. პრეზიდენტს შეუძლია ერთხელ მაინც შეასრულოს კონსტრუქციული როლი ამ პროცესში. 6 თვის განმავლობაში, ის ასრულებდა დესტრუქციულ როლს ამ პროცესში, თუმცა ახლა შეუძლია პირველად შეასრულოს კონსტრუქციული როლი, ვეტო დაადოს კანონპროექტს იმ დაპირებების შესაბამისად, რომელიც ჩვენ მივეცით ვენეციის კომისიას. ვეტომ შეიძლება გაითვალისწინოს ბონუსის გაუქმება და ერთჯერადად ბლოკების დატოვება და ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, ორი კვირის თავზე ავამოქმედოთ დოკუმენტი, რომელიც სრულად შესაბამისობაში იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0