10:35:51     27-09-2017
გარდაბნის გამგეობისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შესაძლო კორუფციული კავშირები
22 მილიონიანი პროექტი, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლისთვის 24 საათიან წყალმომარაგებას გულისხმობდა, შესაძლოა მორიგი ბლეფი აღმოჩნდეს.
„პრესა.ჯი“ არაერთხელ დაუკავშირდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას, სადაც გამუდმებით აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ყველა პირობა შესრულებულია, ჯერი კი იმ კომპანიაზეა, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა და რომლის მოვალეობასაც პროექტის განხორცილება წარმოადგენს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველ პირებს წარმოდგენაც არ აქვთ იმის შესახებ, კონკრეტულად, რა სამუშაოები შეასრულა კომპანიამ, რომელსაც 22 მილიონიდან 8 მილიონი ლარი უკვე გადაურიცხეს.
არადა, გეგმის მიხედვით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, დღეს, სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულებული უნდა ჰქონდეს.
[I=3]თუმცა, მათ მიერ შესრულებული სამუშაოები უწყლობით გატანჯული სოფლების მცხოვრებლებმა ვერსად მიაკვლიეს.
„პროექტს ახორციელებს გაერთიანებული წყალმომარაგაების კომპანია. გარდაბნის მუნიუციპალიტეტის გამგეობამ კი, ამ პროექტისთვის თანხა გამოყო.
ჯერ მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები, ხდება ტერიტორიების დამუშავება, გზის გაყვანა და ა.შ.
დეტალური ინფორმაცია, ტენდერში გამარჯვებულ გაერთიანებული წყალმომომარაგების კომპანიას აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მარი ქარდავამ.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, „პრესა.ჯი“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასაც დაუკავშირდა.
თუმცა, დეტალურის ნაცვლად, მათგან მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მივიღეთ. კომპანია რატომღაც ვერ იხსენებს კონკრეტულად სად რა სამუშაოები ჩატარდა, რაც ცხადია, ეჭვებს აძლიერებს...
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გარდაბნის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპს ახორციელებს.
[I=2]პროექტი რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს, რომლის დასრულების შემდეგ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს: ახალსოფელს, ნორიოს, ვაზიანს, ახალ სამგორს და მარტყოფს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.
მიმდინარე სამუშაოებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, გიორგი კობერიძესთან და მხარის გუბერნატორთან, გიგა ნემსაძესთან ერთად გაეცნო.
აღნიშნული სოფლების 30 000 მაცხოვრებელს წყალმომარაგების პრობლემა წლებია აწუხებს.
არსებული რეზერვუარები ავარიულ და ამორტიზებულ მდგომარეობაში იყო.
პირველი ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებს ნაწილობრივ სათავე ნაგებობის - სატუმბი სადგურის, შემკრები რეზერვუარის, დამცავი კედლის, ჭაბურღილების და კოლექტორის მოწყობას.
ამასთანავე, გაკეთდება საქლორატორო და მაგისტრალური წყალსადენი. პროექტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ხორციელდება. სამუშაოების პირველი ეტაპი, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარია გამოყოფილი, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება“,- გვითხრა გაერთიენაბული წყალმომომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ლელა კიკალეიშვილმა.
[I=4]დააკვირდით: არც გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის და არც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი არ აღწერენ სად რა სამუშაოები ჩატარდა და მხოლოდ ზოგადი სურვილებითა და თუ გეგმებზე საუბრით შემოიფარგლებიან.
ეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, გარდაბნის გამგებლის პირველი მოადგილე „პრესა.ჯი“-თან ინტერვიუში ამტკიცებდა რომ სამუშაოები ერთ კვირაში დაიწყებოდა.
თუმცა, როგორც ჩანს, 22 მილიონიანი პროექტი ან წინასაარჩევნო ხრიკია ან ტენდერში გამარჯვებული კომპანია აღებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს, რის გამოც, წესით, საქმეში პროკურატურა უნდა ჩაერთოს, რადგან შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვას...
0