13:05:23     26-09-2017
საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით პარლამენტი დღეს დაამტკიცებს

პრეზიდენტის უარის მიუხედავად, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კანონმდებლები რიგგარეშე სესიაზე დღეს შეიკრიბებიან და კონსტიტუციის პროექტს მესამე მოსმენით კენჭს უყრიან.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ქუთაისში 14:00 საათისთვის არის ჩანიშნული.
საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციისგან განსხვავებით, შემუშავებულ საკონსტიტუციო პროექტს მნიშვნელოვან წარმატებად მიიჩნევს და არ იზიარებს ბრალდებებს "ერთი პარტიის მიერ შემუშავებულ ცვლილებებთან" დაკავშირებით.
„თუ დავაკვირდებით დამოკიდებულებას, მე არ მგონია, რომ უკვე დიდი გამოცნობა სჭირდება იმას, რომ იტყოდა უარს, არ სჭირდება დიდი გამოცნობა, დაადებს თუ არა ვეტოს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უკვე სრულიად ნათელი და ცხადია. ამიტომ, ჩვენ ახლა ვმოქმედებთ იმის მიხედვით, რა წერია კანონში. რაც მთავარია უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.
მმართველ გუნდს ქვეყნის მთავარი კანონის უზურპაციაში ადანაშაულებს „ნაციონალური მოძრაობა“.
"ეს არის კრიზისის შემქმნელი კონსტიტუცია. არავინ შეეგუება ამ ძალადობას. მივიღებთ მონაწილეობას ამ კონსტიტუციის განხილვაში, ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რაც კი არის შესაძლებელი, როგორც დარბაზში, ასევე ქუჩაში, როგორც კალმით, ასევე სიტყვით. ხალხს გავაგებინებთ, რომ ეს ხელისუფლება არის უზურპატორი," - განაცხადა "საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.
0