ბლუზი  – შავკანიანი მონების წვლილი ამერიკულ მუსიკაში ბლუზი – შავკანიანი მონების წვლილი ამერიკულ მუსიკაში />


  13:45:25     13-05-2011

ბლუზი – შავკანიანი მონების წვლილი ამერიკულ მუსიკაში

a5892.jpg

მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს ისეთი ჭრელი და თავისებური მუსიკალური ფოლკლორი, როგორიც ამერიკაში. ინგლისელებმა, ირლანდიელებმა, ფრანგებმა, იტალიელებმა, გერმანელებმა, სლავებმა _ ევროპიდან გადასახლებულმა ყოველმა ეროვნულმა ჯგუფმა ახალ სამყაროში, თავისი მშობლიური სიმღერები, ცეკვები, თქმულებები, ლეგენდები და ადათ-წესები ჩაიტანა.

კონტინენტის მკვიდრი ინდიელები, დღესაც სათუთად ინახავენ თავის უძველესი მუსიკალური კულტურის ტრადიციებს. ამერიკაში მონებად წაყვანილ შავკანიანებს ერთადერთი, მაგრამ ყოვლისმომცველი საშუალება ჰქონდათ თავიანთი გრძნობებისა და განცდების, მწუხარებისა და სიხარულის, ტანჯვისა და იმედის გამოსათქმელად. ეს იყო მუსიკა.

 

მეპატრონეები მათ, მხოლოდ რელიგიური ჰიმნებისა და ფსალმუნების სიმღერის უფლებას აძლევდნენ, მაგრამ ბიბლიური ტექსტისა და ლოცვანთა ინტონაციების მიღმა ისმოდა პროტესტის ხმები და დამარცხებული, თუმცა სულით გაუტეხელი ადამიანების სიამაყე.

 

სასულიერო საგალობლების, სპირიჩუელსის  მუსიკალურ ქსოვილში, უცნაურად არის გადახლართული ევროპული მელოდიები და აფრიკული რიტმები. სპირიჩუელსი კოლექტიური მუსიკალურ-პოეტური შემოქმედების ატმოსფეროში სრულდებოდა და თითოეულ მონაწილეს შეეძლო საგალობელისათვის იმპროვიზებული ტექსტისა და მელოდიის დამატება.

 

XIX საუკუნის მეორე ნახევარში, როცა ამერიკაში გზატკეცილებისა და რკინიგზის ფართო ქსელის მშენებლობა დაიწყო, ბევრი ზანგური მუშური სიმღერა შეიქმნა. შავკანიანი მიწის მთხრელები და მელიანდაგეები, თავიანთი მეწინავის გაბმულ სიმღერას, ბარ-ნიჩბებისა და ჩაქუჩის ცემას აყოლებდნენ და გუნდური შეძახილებით ბანს აძლევდნენ.

 

თანდათან მუშურ სიმღერაში, ბატონებისა და ზედამხედველების მიმართ დაცინვის, პროტესტის, მერე კი მუქარის ინტონაციებმაც იჩინა თავი, ზოგჯერ კი პირდაპირ გაისმოდა ამბოხებისა და აჯანყებისკენ მოწოდება.

 

XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში, შეიქმნა ბლიუზი,  სევდიანი სიმღერა ზანგი ხალხის სიღარიბესა და მარტოობაზე, უმუშევრობასა და შიმშილზე. სიტყვა blues ნიშნავს ნაღვლიან, დეპრესიულ ხასიათს. თავიდან ბლუზს „ეშმაკის მუსიკას“ უწოდებდნენ, ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ხალხს ძალადობისაკენ უბიძგებდა.

 

XIX საუკუნის შუა ხანებში, აფრიკული ფოლკლორისათვის დამახასიათებელი ნიშნები შეიჭრა თეთრკანიან ამერიკელთა მსუბუქ მუსიკაში. პოპულარულ სიმღერებსა და ცეკვებში სულ უფრო მეტად იკიდებდა ფეხს ზანგური რიტმისა და მელოდიების ელემენტები. ზანგური ფოლკლორის გავლენა განიცადა სტივენ ფოსტერმა. იგი საესტრადო სპექტაკლებისთვის ქმნიდა სიმღერებს, მაგრამ მისი ნაწარმოებები გაცილებით უფრო ხარისხიანი აღმოჩნდა, ვიდრე ის სანახაობები, რისთვისაც სიმრერა იწერებოდა. ფოსტერი იყო უფრო მოყვარული მუსიკოსი, ვიდრე პროფესიონალი, მაგრამ მან ნიადაგი სეუმზადა ამერიკული მუსიკის თეატრს, შემდგომ მიუზიკლი რომ ეწოდა.

 

გასული საუკუნის დასაწისში შეიქმნა ამერიკული, უფრო ზუსტად, აფრიკულ-ამერიკული მუსიკის ყველაზე თავისებური ჟანრი  – ჯაზი. იგი, უპირველეს ყოვლისა, შესრულების თავისებურებით გამოირჩევა: ანსამბლის თითოეულ წევრს შესრულებაში იმპროვიზაციის ელემენტი შეაქვს. ჯაზურ შესრულებას ახასიათებს მკვეთრი, მფეთქავი რიტმი და სასულე ორკესტრის მრავალფეროვნება. საუკეთესო ჯაზური ნაწარმოებები სექმნეს ლუი ამსტრონგმა და დიუკ ელინგტონმა.

0

ავტორი: