14:17:28     22-09-2017
„ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა“

„ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა და ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების შესაბამისი მოქმედება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არჩევნების თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შს მინისტრის სპეციალური ბრძანების შეფასებისას განაცხადა.
„ჩვენ უზრუნველვყავით სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება 2016 წელსაც, როდესაც რთული პოლიტიკური გარემო იყო ჩამოყალიბებული და დარწმუნებული ვარ, ამას სათანადოდ უზრუნველვყოფთ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების პროცესშიც“, - განაცხადა კობახიძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა 2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს. აღნიშნული ბრძანება ძალაში დღეს შევიდა.
0