13:29:45     22-09-2017
იანვრიდან სკოლებში ვაშლები აღარ დარიგდება - განათლების სამინისტრო ვერ ჩამოყალიბდა

ქართული ზღაპრის გმირების აქტიური კრიტიკის შემდეგ, განათლების მინისტრის მორიგმა რეზონანსული "პროექტმა" - სკოლებში ვაშლების დარიგებამ, შესაძლოა, გაცილებით ახლო პერიოდში დაასრულოს არსებობა, ვიდრე სავარაუდო იქნებოდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალი წლიდან თბილისის საჯარო სკოლებში, აღარ დაარიგებენ ვაშლებს. ამ ინფორმაციის გამხმოვანებელი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის კოორდინატორი მაია მუშკუდიანი აცხადებს, რომ ვაშლი შესაძლოა სხვა კომპონენტით ჩანაცვლდეს, თუმცა, კონკრეტულად, რომლით, სამინისტროს ჩინოვნიკმა ჯერ არ იცის.
ცნობილია, რომ აქამდე განათლების სამინისტრო, ვაშლებთან ერთად, სკოლებში ატმის დარიგებასაც გეგმავდა, თუმცა, სამომავლოდ. ახლა კი ირკვევა, რომ სკანდალური ვაშლის კამპანიაც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და მეტიც, მისი არსებობაც ეჭვქვეშ დგება.
სკოლებში ვაშლის დარიგების საკითხი საქართველოში უკვე გაშარჟებული თემაა, თუმცა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რა ვითარებაა ქვეყნის დღევანდელ განათლების სისტემაში, სიცილის ხასიათზე ძნელად შეიძლება დადგეს საღად მოაზროვნე მოქალაქე.
[I=2]სამინისტროს ჩინოვნიკებმა არც ის იციან, როდის დასრულდება ვაშლის პროექტი და არც ის, საერთოდ, რა სისტემით უნდა განვითარდეს საქართველოს განათლება. არც მოსწავლეების პრობლემები ანაღვლებთ, არც მასწავლებლების და ცხადია, არც უმაღლესი თუ სხვა სახის საასწავლებლების. ჯერჯერობით, არ გამოქვეყნებულა არცერთი ხელშესახები პროექტი, რომელიც ამ პრობლემას შეეხებოდა.
სამაგიეროდ, განათლების მინისტრმა უკვე მოასწრო და აბიტურიენტებს მაიმუნები უწოდა. ხოლო მავანმა კომპანიამ ვაშლების ტენდერში გაიმარჯვა.
საზოგადოებას კი უკვე აღარც მინისტრის ექცენტრული განცხადებები უკვირს და აღარც შეუსრულებელი დაპირებები. ჯეჯელავა განათლების მინისტრად რჩება და ალბათ, მორიგი განცხადებისათვის ემზადება, რომელიც ამ საზოგადოებას რამდენიმე დღე აცინებს და ატირებს, განწყობის მიხედვით. განათლება კი რჩება უცვლელი და შეუვალი, რომელსაც არავინ ეხება - და ეს უკვე ჩვენი სახელმწიფოს "ტრადიციადაც" კი იქცა.
0