17:13:17     21-09-2017
სტრასბურგის სასამართლომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე დარღვევა ვერ აღმოაჩინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1992 წელს დაბადებული გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
გვანცა ყუფარაძის ადვოკატები სისხლის სამართლის პროცედურების სამართლიანობასა და პატიმრობის პირობებს ასაჩივრებდნენ.
როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, 2006 წლის ნოემბერში ყუფარაძე დააკავეს ერთ-ერთი თანაკლასელის მკვლელობის მცდელობისთვის. ის ამტკიცებდა, რომ მსხვერპლი ორმა ახალგაზრდა კაცმა დაჭრა, რომლებიც სკოლის ეზოში შევიდნენ და მის თანაკლასელს ორი დანით დაესხნენ თავს. თუმცა, თავად მსხვერპლის განცხადებით, მას სწორედ ყუფარაძე დაესხა თავს.
2007 წლის ივნისში პირველი ინსტანციის სასამართლომ ყუფარაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან - ნახევარი პირობითი მსჯავრი. გადაწყვეტილება მოგვიანებით ძალაში დატოვეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლზე (არადაამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა) დაყრდნობით, ყუფარაძემ გაასაჩივრა, რომ სასჯელს იხდიდა ზრდასრულთა ციხეში და არა არასრულწოვანთა საპატიმრო დაწესებულებაში. მისი სასჯელი არ გადაავადეს მსგავსი დაწესებულების მშენებლობის დასრულებამდე. ის ასევე ასაჩივრებდა პატიმრობის პირობებს. გარდა ამისა, ყუფარაძე აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურა უსამართლოდ ჩატარდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილი მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა.
გვანცა ყუფარაძის საქმეს ეროვნულ სასამართლოში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია განიხილავდა, რომელიც მოგვიანებით სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში იღებდა მონაწილეობას.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, კი გვანცა ყუფარაძე ამჟამად იუსტიციის სამინისტროში მუშაობს და მას მომავალში მოსამართლეობა სურს.
0