15:39:24     12-05-2011
პირველყოფილი ხანის ხელოვნება და პირველი პორტრეტები
1876 წელს ესპანელმა საუტუოლამ, პირველყოფილ ადამიანთა მხატვრობა აღმოაჩინა მღვიმეებში. საზოგადოებამ ეს ფაქტი სარწმუნოდ ცნო 1895 წელს ფრანგ რივიერას მიერ მეორე ნახატებიანი გამოქვაბულის აღმოჩენის შემდეგ. 1914 წელს, ესპანეთში აღმოაჩინეს ოცამდე დიდი გამოქვაბული, რომელთა კედლები და ჭერი ძალზე საინტერესოდ იყო მოხატული.
მღვიმეთა მხატვრობა რომ ნამდვილად ძველი დროისაა, ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს ის, რომ ბევრგან სურათი სურათზეა შესრულებული. ზოგი მათგანი უფრო ხანდაზმულია, ზოგიც უფრო ახალგაზრდაა, წლით, საუკუნით, ათასწლეულითაც კი.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მხატვრები, ვიდრე დახატავდნენ, საღებავს წაუსვამდნენ კედელს - ძველი ფიგურები ქრებოდა და საღებავზე მოიხაზებოდა ახალი კონტურები. ათასწლეულთა შემდგომ საღებავები ნაწილობრივ ანდა მთლიანად იშლებოდა, ახლა ფერწერის მხოლოდ რამდენიმე ფენა ჩანს.
1887 წელს ეგვიპტეში ადგილობრივმა მოსახლეობამ ფაიუმის ოაზისის სამარხებში შემთხვევით აღმოაჩინა მუმიების სახეებზე მიმაგრებული პორტრეტები. მუმიებისთვის ჩაეტანებინათ ფირფიტები ზედ აღნიშნული მიცვალებულთა სახელებითა და გარდაცვალების თარიღებით.
ეგვიპტეში ბერძნების და შემდეგ რომაელთა ბატონობის ჯამს ეგვიპტურმა ხელოვნებამ განიცადა ბერძნული და რომაული კულტურის ძლიერი გავლენა. ბერძნულ-რომაულ ეპოქაში ეგვიპტელები მიცვალებულებს ძველებურად ნიღბებს კი არ ადებდნენ სახეზე, არამედ ფიცარზე, ან ტილოზე ელინისტური ფერწერის ტრადიციების მიხედვით შესრულებულ პორტრეტებს.
ახ. წ. I-III საუკუნეებში, შუა ეგვიპტის ტერიტორიაზე შექმნილ ამ პორტრეტებს ეწოდა ფაიუმის პორტრეტები.
პორტრეტები (სულ 400-მდე ნაპოვნი), რომლებიც შესანიშნავადაა შენახული, უჩვეულოდაა დაწერილი ცვილით შეზავებული საღებავებით.
ცვილის ტექნიკას იოლად გამოარჩევთ ზეთისებრი კრიალა ზედაპირით. გამდნარ საღებავებს ფიცარზე უსვამდნენ ფუნჯით, ან ლითონის ღეროთი. ოსტატები საღებავების წასმის მრავალგვარ წესს ფლობდნენ, ამიტომაც შეძლეს ასე კარგად გამოეხატათ საგანთა ფაქტურა _ ქსოვილის ზედაპირი, თმის კულულები, თვალთა ელვარება, სინაზე ან ხორკლიანობა კანისა და ა.შ.
ზოგჯერ ოსტატს სურდა პორტრეტის ზედაპირი გლუვი გამოსვლოდა. ამისათვის იგი ადნობდა საღებავებს. პორტრეტიდან ცოტა მოშორებით დადგამდნენ ქურას ცხელი ნახშირით, გახურებული საღებავები ირეოდა ერთმანეთში და ქრებოდა ფუნჯის კვალი. ფაიუმის პორტრეტები გვაოცებს ფერების სილამაზით, მაგრამ მთავარია მაინც გამოსახვის უჩვეულო სიცხოველე. სახეები უთუოდ ნატურიდან უნდა ყოფილიყო შესრულებული.
ფაიუმის პორტრეტების ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია ინახება მოსკოვში, პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმში. ამ ნამუშევრებში განსაკუთრებით გამოირჩევა ხანშიშესული მამაკაცის პორტრეტი. ჩავარდნილი ყბები, დანაოჭებული შუბლი, ახლო-ახლო ჩამსხდარი თვალები, თხელი ტუჩების დაშავებული კიდეები... ამ პორტრეტში არა მარტო შესანიშნავადაა გადმოცემული მსგავსება, არამედ მოცემულია ადამიანის განწყობაც.
მოქნილი ხაზებით, ტონების რბილი შეხამებითაა დაწერილი ნაზი, შავგვრემანი ქალის პორტრეტი. ფაიუმის პორტრეტების სიცხოველე და გამომსახველობა იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ზოგი მათგანი მუმიებისათვის კი არ იყო განკუთვნილი, არამედ რომაული ადათ-წესის მიხედვით ატრიუმებში (დახურული შიდა ეზო) გამოსაფენად. ეს უფლებას გვაძლევს ფაიუმის პორტრეტებს ვუწოდოთ მსოფლიო ხელოვნებაში პირველი დამოუკიდებელი დაზგური პორტრეტები.
0