12:26:34     15-09-2017
ირაკლი ფირცხალავა: გოგატიშვილი საქმის ცრუ მოწმეა... მივმართავ პრეზიდენტს, დაიცვას ეს ადამიანი
მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას განცხადებით, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეში მთავარი მოწმის კობა გოგატიშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას განცხადება ჟურნალისტებს მისმა მეუღლემ ნინო ხვიტიამ გააცნო. ნინო ხვიტიას განცხადებით, ირაკლი ფირცხალავამ აღნიშნა, რომ მის საქმეში მთავარი მოწმე კობა გოგატიშვილი ცრუ მოწმეა, თუმცა ის ფლობს ინფორმაციას იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე. აქედან გამომდინარე, ფირცხალავა მიიჩნევს, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ მისი ლიკვიდაცია მოახდინოს.
„გოგატიშვილი ახლა იმყოფება ზეწოლის ქვეშ. მას არაფერი უთქვამს სახალხო დამცველთან საუბრის შესახებ. ჩემი ინფორმაციით, სახალხო დამცველთან მან ისაუბრა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე. აღნიშნა, რომ მის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე იმყოფებოდა პროკურატურაში, სადაც მოისმინა, რომ იური ვაზაგაშვილს მოკლავდნენ. გამოდის ისე, რომ გოგატიშვილი კორტების საქმეზე მთავარი მოწმე არაა. ის ამ საქმის ცრუ მოწმეა, თუმცა ოქროს მოწმე გამოდის ამ ხელისუფლების გასამართლების შემთხვევაში.
მე მივმართავ პრეზიდენტს, დაიცვას ეს ადამიანი, რადგან ის საფრთხეს წარმოადგენს ამ ხელისუფლებისთვის და დიდი ალბათობით, მის ლიკვიდაციას მოახდენენ“, - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ ნინო ხვიტიასთან სატელეფონო საუბარში, რომელიც მისმა მეუღლემ ჟურნალისტებს გააცნო.
ფირცხალავას ოჯახი მოითხოვს დაკმაყოფილდეს მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას მოთხოვნა, ასევე დაიკითხოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც კობა გოგატიშვილს ესაუბრა და ნამდვილად გაირკვეს, მოხდა თუ არა ამ თემაზე საუბარი.
0