13:40:09     11-05-2011
ალბრეჰტ დიურერის პოეზიიდან
დღეს შევხედოთ დიდ მხატვარს ალბრეჰტ დიურერს, როგორც პოეტს. მისი ლექსები საკმაოდ კარგია და მშვენიერი. პოეტური ნაწარმოების საუკეთესოდ თარგმნა ძალიან ძნელია. თუმცა, შეუძლებელი არა. თუ მკითხველი არ დაიზარებს და დიურერის ქვემოთ მოყვანილ რამდენიმე პოეტურ ქმნილებას წაიკითხავს, კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რამდენად დიდი ტალანტის მატარებელი იყო დიდი მხატვარი, როგორი კეთილშობილი იყო იგი... ამასთან კიდევ ერთხელ გაიხსენებს რა კარგი მთარგმნელები გვყავდა და გვყავს. მერე. ალბათ, რამდენიმე წერილი უნდა ვუძღვნათ ჩვენს შესანიშნავ მთარგმნელობით სკოლას.
ამა წლის 6 აპრილს პრესა.გე-ს მკითხველს მოკლედ ვესაუბრეთ ალბრეჰტ დიურერის შემოქმედებაზე (ალბრეჰტ დიურერი - "ცამ ინება - ჩემი საქმე წინ მიდის"). სტატია მიძღვნილი იყო მის გარდაცვალების თარიღთან (1528 წლის 6 აპრილი).
მოკლედ მიმოვიხილეთ მისი შემოქმედება და მათ შორის გრავიურები. "იგი ითვლება ერთ-ერთ უდიდეს ოსტატად ქსილოგრაფიისა. ქსილიგრაფია არის ხეზე და ლითონზე (სპილენძზე) გრავირება და მერე მისი გამოყენება ქაღალდზე საბეჭდად. იმ დროისათვის დიდი მოთხოვნა იყო გრავიურაზე. დიურერი მუშაობდა როგორც ხის, ისე სპილენძის გრავიურაზე და ძალიან წარმატებითაც....
... საინტერესოა მისი გრავიურა “მელანქოლია”, რომელზეც არის გამოხატული “მაგიური კვადრატი” 4X4. მას დიურერის მაგიურ კვადრატსაც უწოდებენ. რიცხვების ჯამი ყოველი ჰორიზონტალური, ვერტიკალური თუ დიაგონალური სვეტებისა გვაძლევს - 34." ისიც აღვნიშნე, რომ "სიცოცხლის ბოლო წლებში ლექსების წერა დაიწყო. ის თვლიდა, რომ ადამიანი მთლიანად უნდა დაიხარჯოს, უნდა გამოხატოს ყველაფერი, რასაც განიცდის. მისი პოეზია აითვალწუნა ერთმა ადამიანმა და ლექსებით გამოაჯავრა გამოუცდელი პოეტი. ალბრეჰტ დიურერმა – უმცროსმა ასე უპასუხა (ლექსის მთარგმნელი ჩვენთვის უცნობია):
ყველამ გაიგოს, "დაუჯაბნელი”
ნიურბერგშია ერთი მჯღაბნელი.
გახლავთ საბჭოში უცვლელი კაცი,
ოქმის წერაში გაუწყდა ქანცი.
გალაღებულა და იმედს კვერავს,
რომ თუ ინებებს, დასცინებს ყველას.
გულს შენთებია წყენის ღადარი
და მირჩევს ვიყო მხოლოდ მხატვარი.
მე გადავწყვიტე მივუგო ასე:
არ ვიცი?- ვსწავლობ იმედით სავსე.
მისთვის, რომ სიბრძნე მწამდა ყოველი,
ერთიც ვერ დამგმობს ჭკვათამყოფელი,
და ვინც ერთ საქმეს უზის ყოველთვის,
მას ერთი მდივნის ბედი მოელის...
...
და მეც მასავით რომ არ ვიწვალო,
მთელს სიცოცხლეში მინდა ვისწავლო.
არ მივატოვებ ლექსების წერას,
ეკლად რომ ვექცე მჯღაბნელის მზერას,
გულმოდგინებით მაშვრალთ სადარი
ასე პასუხობს მქირდავს მხატვარი.
დღეს გთავაზობთ ალბრეჰტ დიურერის რამდენიმე პოეტური ქმნილებას (რომლებიც შესანიშნავად თარგმნა აკაკი გელოვანმა).
მელანქოლიკი (წარწერა სურათზე)
ღმერთმა მომცა მელანქოლიკს ბუნება
ცივი, მშრალი, მსგავსი დედამიწისა,
თმის ფერიც კი ჩემი მიწისფერია,
მახინჯი ვარ, ძუნწი, მხდალი, უნდილი,
ყალბი, ხარბი, სულმოკლე და ცბიერი,
უცხოდ მიჩანს ქალი, პატიოსნება -
დამნაშავე ყოველივე ამაში
სატურნი და შემოდგომის ჟამია.
* * *
ბოროტი კაცი უაზროდ ყვირის,
ქვეყნად სიამე უცხოა მისთვის;
რომ შეძლებოდა, ღმერთს განდევნიდა,
მოსპობდა ძუნწი ყველას წყევლითა...
ბოროტი კაცი ბევრ პატივს ითხოვს,
ერთის ღირსიც კი რომ იყოს თითქოს...
... და დიურერი აქ იტყვის ასე:
ვისაც სიავით აქვს გული სავსე,
სიკეთისათვის არის დახშული,
აქვს ცარიელი გული და სული.
ბოროტებაზე ასე დავწერე
ვინც მთელს მსოფლიოს ეპოტინება,
მასვე წალეკავს ჟამთა დინება,
სიკეთის თესვა არ ძალუძს იმას,
სიავისათვის ვინც ჭაპანს ჭიმავს.
ბოროტი კაცის ეს არის წესი:
სიავით ახმოს სიკეთის ფესვი,
ეცადოს ყველგან ბატონი იყოს,
მოყვასი თვისი ჩაგროს და რიყოს.
სუსტზე ბატონობს, ითხოვს შექებას,
ძლიერს თვითონვე ფეხქვეშ ეგება.
არ სურს ისმინოს სიმართლე მკაცრი -
ერიდოს ბოროტს ყოველი კაცი!
ქველსა და კეთილს მზაკვრობით მართავს,
სამარეს უთხრის ალალს და მართალს.
ავი კეთილთან კავშირსაც შეკრავს
და მოატყუებს, ანანებს შეყრას.
ბოროტის საქმე არ არის გარჯა,
მუდამ ახარებს მოყვასის ტანჯვა.
... ბოროტი კაცის მსჯავრია მრუდე,
მისი გულია სიავის ბუდე.
სხვის სიკეთეზე მას ფერი მისდის
და სიხარული უცხოა მისთვის.
ქვეყანას მოსდებს მეზობლის ცოდვებს.
ღმერთსაც განდევნის, რომ ძალა ჰქონდეს
და შურს ყოველი პატივი სხვისი,
თვითონ ერთისაც არ არის ღირსი.
2
სხვას ბოროტს უზამს, უნდო და მკაცრი, -
სიკეთით უზღავს კეთილი კაცი.
ალბრეხტ დიურერს ერწმუნეთ ასე:
კეთილს ვერ გუობს სიავით სავსე!
0