08:36:25     07-09-2017
ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებული უფროსი ლეიტენანტი ივერი თამაზის ძე ბუაძის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ტერორისტული აქტისას მსუბუქად დაიჭრნენ სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დაშავებული მშვიდობისმყოფელები ამ დროისთვის ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში ინტენსიურ მკურნალობას გადიან, თუმცა ორი მათგანის გერმანიაში გადაყვანა იგეგმება.
ავღანეთში, პარვანის პროვინციაში მდებარე ბაგრამის ამერიკული ავიაბაზის ერთ-ერთ შესასვლელთან ტერორისტმა დღეს თავი აიფეთქა.
0